დავით ჩიხელიძე: ყველაფერს პარტიული დავალების ელფერი დაჰკრავს და ჟურნალისტიკასთან საერთო არ აქვს

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების შესახებ საკუთარ პოზიციას გამოხატავს.
მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს მასმედიის გარკვეული ნაწილი ცდილობს, საკუთარი რეიტინგი საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით გაზარდოს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი დამიწერია, რადგან ტრაგედიას არ უხდება ბევრი საუბარი, მით უფრო, ლაყბობა. მაგრამ მავანთა ქცევით გაოცებულს, საკუთარი პოზიციის გამოხატვის დიდი სურვილი გამიჩნდა. დავიწყოთ თავიდან, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ტრაგედია, რომლის გამოხატვაც, მიუხედავად ქართული ენის სიმდიდრისა, სიტყვებს არ ძალუძს. ტრაგედიით რეიტინგის გაზრდის მცდელობა კი ყველაზე სულმდაბლური საქციელია მათ შორის, რაც კი ოდესმე მსმენია. სამწუხაროდ, დღეს მასმედიის გარკვეული ნაწილი ცდილობს, საკუთარი რეიტინგი საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებით გაზარდოს. ყველა ფაქტის გასაჯაროებას საკუთარი დრო აქვს, ის, რისი გამჟღავნებაც ხვალ არის საჭირო, არ შეიძლება, დღეს იქნას გაჟღერებული, რადგან ეს აფერხებს გამოძიებას და დროს აძლევს დამნაშავეებს. ჩვენ კი ვხედავთ, თუ როგორ ცდილობენ ტელევიზიები, გაასაჯარვონ მასალები, რომელთა გასაჯაროების დროც ჯერ არ დამდგარა. დღეს ამბობენ იმას, რასაც ხვალ გამოძიება იტყოდა, ამით კი, როგორც გითხარით, ახდენენ საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებას, აზრის დამახინჯებას, ამ ყველაფერს პარტიული დავალების ელფერი დაჰკრავს და ჟურნალისტიკასთან საერთო არ აქვს”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.
მისივე თქმით, დარწმუნებით შეუძლია იმია თქმა, რომ ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება დაადგენს პირუთვნელ სიმართლეს.
„შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ორი ოჯახის წარმომადგენელი ითხოვს მედიისგან დაცვას, ეს ნორმალურია? ლოგიკურია? პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენი სირცხვილია. ოჯახი ღიად აცხადებს, რომ ენდობა გამოძიებას, მაგრამ მავანნი, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისა და დავალებების გამო, ოჯახის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. დღეს ჩვენ ვხედავთ ჟურნალისტებს, რომლებმაც გამომძიებლობა შეითავსეს, ისინი რომის პაპზე დიდი კათოლიკენი გახდენენ…
რაც შეეხება საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას, რა თქმა უნდა მე მათ ვენდობი, პატივს ვცემ თითოეული გარდაცვლილის ოჯახის პოზიციას, რომლებიც ასევე ენდობა გამოძიებას, როდესაც წარმოადგენ საგამოძიებო სტრუქტურას არ შეგიძლია დაუსაბუთებლად საუბარი, რადგან შენი სიტყვა ოფიციალურ პოზიციას ნიშნავს, გაქვს პასუხისმგებლობა, როგორც დაზარალებულის ოჯახის, ასევე, სახელმწიფოს მიმართ, ხოლო როცა რეიტინგი გაინტერესებს შეგიძლია იჭორაო, რადგან ვალდებულებები არ განაღვლებს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება დაადგენს პირუთვნელ სიმართლეს, ჭეშმარიტებას რომელიც დაადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული ძალები დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი”, – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები