ევაკუატორის არსებობას ბაჩალიაშვილის საქმეში ადვოკატი არ ადასტურებს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა შემთხვევის ადგილას ევაკუატორის საშუალებით არის მიტანილი, ოჯახის ადვოკატი არ ადასტურებს.

ბაჩალიაშვილების ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მას არ გააჩნია.

“ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ ამ ფაქტს. შეესაბამება თუ არა სიმართლეს, ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ მისულა გამოძიება მაგ ეტაპზე, და საქმის მასალებიც ჩემთვის უცხოა. წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს ამის თაობაზე”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ადვოკატმა.

რამიშვილს ვკითხეთ, შეამჩნია თუ არა მან რაიმე მსგავსი შემთხვევის ადგილას, რადგან ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადგილზე მივიდა. ადვოკატი ამბობს, რომ ევაკუატორის კვალი არ შეუმჩნევია.

“ჯერ ვერ გეტყვით მასალებში რა ფიგურირებს, იმიტომ რომ არ გავცნობილვარ საქმის მასალებს. ჩემამდე ადგილზე იყვნენ პოლიციელები და ისინი იკვლევდნენ მაგ ადგილმდებარეობას. საქმის მასალა არის ძალიან ბევრი, ხომ უნდა მივიდე იქამდე, ძალიან ბევრი ტომია. შორიდან როგორ უნდა შემემჩნია ევაკუატორის კვალი. დიდი მანქანებიც იყვნენ იქ”,- ამბობს რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარის აღმოჩენის დროს, ავტომობოლი დაკეტილი იყო, ხოლო გასაღები ბაჩალიაშვილის სხვა ნივთებთან ერთად სამართალდამცველებს შიგნით დახვდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები