„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, მას ეყოლება მყარი უმრავლესობა”, – ლადო ბოჟაძე Edison Research-ის კვლევას აფასებს
“ამ კვლევიდან გამომდინარე, დღესვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, მას ეყოლება მყარი უმრავლესობა”, – ასე ეხმაურება საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე Edison Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგეს, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა.
როგორც ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანას „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობა ეყოლება.
„ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის კვლევის ის შედეგები, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 92 %-ზე მეტი ენდობა ნატო-სა და ევროკავშირს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია. იცით, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მაღალი ნდობა ნატო-სა და ევროკავშირს არასდროს ჰქონია. რა თქმა უნდა, ეს არის მათი ძალიან აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერის დამსახურება.
კვლევის მიხედვით, ვნახეთ მოქალაქეთა განწყობები: პირველ ადგილზე კვლავ არის „ქართული ოცნება“ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც 40 %-იან ჩამკეტს გულისხმობს, იცით ამის ზემოთ თუ ვერ აიღო „ქართულმა ოცნებამ“ ან სხვა პოლიტიკურმა პარტიამ, ის ვერ შეძლებს, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა. ალბათ, ამას უკავშირდება 39 % და არცერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი. თუმცა, რომც ვთქვათ, რომ 39 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ის ორ-ნახევარჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, 8-ჯერ აღემატება „ევროპული საქართველოს“ რეიტინგს. აღარაფერს ვამბობ 3 %-იან, 2%-იან და 1%-იან პოლიტიკურ პარტიებზე.
ჩვენ ასევე ვნახეთ პოლიტიკოსების ნდობა. ვნახეთ, რამხელა ნდობა აქვს როგორც პრემიერმინისტრს, ასევე, მთავრობას, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს. თუ ცალკეულ, პარტიულ ჭრილში შევხედავთ, ვნახავთ, როგორი ნეგატიური განწყობები აქვს ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობას. ამ თვალსაზრისით ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობა“, მას 71 % აქვს ნეგატიური განწყობისა”, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ კვლევით გამოიკვეთა, არის ის, რომ მოქალაქეებს სურთ, პოლიტიკაში ახალი სახეები იხილონ.
„ჩვენ თითქმის 30 წელია, ვუყურებთ ერთსა და იმავე, წარუმატებელ პოლიტიკოსებს, რომელთაც არცერთხელ არცერთი დონის არჩევნები არ მოუგიათ, მაგრამ მაინც რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში და მათი ამ პოზიციის გამო ჩვენ ვეღარ ვხედავთ ახალ სახეებს პოლიტიკაში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კვლავ გამოიკვეთა რესურსი იმისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ ჰქონდეს წამყვანი როლი ოპოზიციაში. მიუხედავად იმისა, რომ აქვს 16 % და მიიჩნევა, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ნახეთ, რომ ეს ასეა არა მხოლოდ კვლევის მიხედვით, არამედ უკვე 68 პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მიმართა საარჩევნომ ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი ზოგადად ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც ამ კვლევაში 51 %-ზე მეტი აქვს მოსახლეობის ნდობა. ამომრჩეველს ექნება საშუალება, ხმა არ მისცეს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს და მხარი დაუჭირონ ახლადშექმნილ პოლიტიკურ პარტიებს.
ამ კვლევიდან გამომდინარე, დღესვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, მას ეყოლება მყარი უმრავლესობა. ჩვენ ასევე გვეყოლება „ქართული ოცნების „მიერ დაკომპლექტებული მთავრობა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ცნობისთვის, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:“ქართული ოცნება“ – 39% ; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „- 16%, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 5%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3%, „ლელო“ – 3%, „ახალი საქართველოსთვის „(გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%, „გირჩი“ – 2% , „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) – 2%, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე) – 1%, „გამარჯვებული საქართველო“ (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%, „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია) – 1%, „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა) – 1%. მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
„კვლევა 23 ივნისი – 13 ივლისის პერიოდში პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია”, – აცხადებენ კომპანიაში.