რამაზ საყვარელიძე: არჩევნებამდე ჯერ დროა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის დღევანდელი კვლევები “ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგს აჩვენებს

“რჩება შთაბეჭდილება, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ოპოზიციას აღარ მოუნდა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. მთელი წლის მანძილზე ლაპარაკობდნენ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე და მხოლოდ გიორგი რურუას მომიზეზება დამაჯერებელი არ ჩანს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ჯერ დროა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის დღევანდელი კვლევები “ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგს აჩვენებს.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ოპოზიციას აღარ მოუნდა ამ ცვლილების მიღება. საკუთარი ბოიკოტის მიზეზი ისე დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს, რომ ამგვარი შთაბეჭდილება არ გაჩენილიყო. მთელი წლის მანძილზე  ლაპარაკობდნენ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე და მხოლოდ რურუას მომიზეზება დამაჯერებელი არ ჩანს… ოპოზიცია კარგად ვერ ჩამოყალიბდა, რა ურჩევნია. მაჟორიტარები არ გვინდაო, ამტკიცებდნენ, თან ენერგიულად ჩააფრინდნენ ამ 30 ადგილს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი – ხომ არ ურჩევნიათ ძველი სისტემა, სადაც მეტი მაჟორიტარული ოლქია? “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში, ამგვარი ეჭვის ერთერთი საფუძველი ისიც არის, რომ შეიძლება, პარტიაში აშფოთებთ საკითხი – ახალი საარჩევნო სისტემით ხომ არ დაკარგავენ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. გვახსოვს, ბოლო თვეების განმავლობაში ამბობდნენ, პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს და ივანიშვილს ძალაუფლება წავართვათო, მაგრამ ამ ბევრი პარტიის ერთობლივი რეიტინგი შეიძლება მიუახლოვდეს და გადაასწროს კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს, არადა, პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსის ინტერესი, მოგეხსენებათ, უპირველესად დაფინანსებაა.

პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ მოსახლეობას დაანახა, რომ ხელისუფლება ეფექტიანია, რაც მთავარია, ის ზრუნავს მოსახლეობაზე. ამ ბრძოლის ცენტრალურ ფიგურად გიორგი გახარია იქცა. ის იყო მთავარი ძალა პანდემიასთან გამკლავებისას და ამ გუნდის პოლიტიკურ ბრძოლაშიც მთავარ მებრძოლად რჩება… გახარია უნიკალური მოვლენაა “ქართული ოცნებისთვის”. ადრე ასეთი ფიგურა იყო ივანიშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი საერთოდ განზე დგას, პროცესებში არ ერევა და ცდილობს, გუნდი არჩევნებამდე მისი დახმარების გარეშე მივიდეს. აქამდე საარჩევნოდ ივანიშვილის სახელი ყოველთვის მაშველი რგოლი იყო, დღეს კი მთავარი ფიგურა არის გახარია. დამეთანხმებით, “ქართული ოცნებისთვის” არატიპური ვითარებაა შექმნილი… ამასთანავე, ივანიშვილი რეალურად არსად წასულა. ის რჩება “ქართული ოცნების” დიდ რესურსად და ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, რაც სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს. არჩევნებამდე ჯერ დროა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის დღევანდელი კვლევები “ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგს აჩვენებს და ვფიქრობ, არჩევნებამდე ამ რეიტინგის მნიშვნელოვანი ნაწილით მისვლას მოახერხებენ.

თუ “ოცნებას” არ გაუჭირდა, ანუ თუ მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იკლო, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გააქტიურებას არ ველი. ის, რა თქმა უნდა, იქნება კულუარებში, მიიღებს მონაწილეობას სიის დაკომპლექტებასა და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაში, თუმცა საჯარო სივრცეში, ალბათ, არ გამოჩნდება… ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლის პროცესში. ბოლოს და ბოლოს, ჩაერეოდა, ოპოზიციასავით არ დაიშურებდა რეკომენდაციებს, საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და გახარიას ავტორიტეტს არ გაუყოფდა. ბრძოლის პროცესში გახარია თავს ასე მყარად ვერ იგრძნობდა. ანუ საკუთარი აქტიურობით ივანიშვილი არ დაუშვებდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეფიქრა, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლა გახარიას მოგებულია. ამიტომ ვერსია, რომ ივანიშვილი ებრძვის გახარიას მზარდ ავტორიტეტს, წინა პრემიერების შეცვლის პირობებისა და ახლანდელი პრემიერის საქმიანობაში ჩაურევლობის ფონზე, დამაჯერებლად არ მეჩვენება”, -განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ინტერვიუში “ფეიკნიუსების” საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მხარის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბრძოლის გამოცხადებას მიესალმება.

“სამართლიანად აღნიშნეთ, რომ დღეს “ფეიკნიუსთან” გამოცხადებული ბრძოლა იმ ძალისგან, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ტროლ-ბოტების მომრავლებასა და ოპონენტებთან ფეიკნიუსით ბრძოლაში, ცოტა არასერიოზული ჩანს, თანაც ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოება უფრო დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ყოველი დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად მაინცდამაინც სუს-ი იზრუნებს. ამასთანავე, ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის მყარი, “ფეიკნიუსთან” სამართლიანი ბრძოლისასაც კი შეიძლება, ვინმეს ხელი წაუცდეს და ეს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენოს. ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. მივესალმები იმას, რომ ნებისმიერი მხარის გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს იქნება მთელი საზოგადოების დაცვა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე!”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე – “გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რურუა 8 მარტის შეთანხმებაში არ არის მოხსენიებული და ეს ყველას შეუძლია წაიკითხოსო…” – პასუხობს:

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენი უცხოელი დიპლომატების შეფასებები არ მოსწონთ და მწვავე, მეტიც, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ. უარგუმენტო, ცრუბრალდებისთვის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში განმცხადებელს სამართლებრივ პასუხს სთხოვენ, ჩვენთან კი არავინ ისჯება. სანამ საქართველოშიც სამართლებრივი მოთხოვნები არ დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ კარგია, რომ მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადა.

ამას წინათ, დაახლოებით, ანალოგიურ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძის ბრალდებებს თვითონ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი, შესაბამისად, სანიკიძეს უკან დახევამ მოუწია. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასეთივე განცხადებები გვესმის მმართველი პარტიის წევრებისგანაც. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ბრალდებებს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი “ნაციონალურ მოძრაობაზე” მუშაობს და შესაძლოა, გახვეული არიან კორუფციაში. ხელისუფლებას უფრო მეტად მოეთხოვება წარმოადგინოს ამგვარი შეფასების დამაჯერებელი არგუმენტები ან უარი თქვას ამგვარ ბრალდებებზე”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები