ნინო ჩხობაძე: არ შეცვლილა საწვავის ხარისხი, გზების საფარი, გამწვანება და ეს ყველაფერი ისევ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, კარანტინის პირობებში მთელმა საქართველომ დაინახა, რამდენად აბინძურებს ჰაერს ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ამასთან დაკავშირებით ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„კოვიდმა გვაჩვენა ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაზეც ვსაუბრობდით გარემოს დამცველები, თბილისში და არა მარტო თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთერთი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტია. ამაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ბევრი სკეპტიკურად გვიყურებდა. ამ ყველაფერმა გვიჩვენა, რომ რეალურად ტრანსპორტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად. კარანტინის პირობებში მთელმა საქართველომ დაინახა, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, თურმე, ტრანსპროტის მოძრაობა და რა დიდი დაბინძურების მაჩვენებლი გვაქვს ტრანსპროტიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, დავიწყეთ თუ არა შეზღუდვების შერბილება, აშკარად შევატყვეთ, რომ ქალაქში მეტი ტრანსპორტი გამოდის და ქუჩები ისევ გადატვირთულია. ასე რომ, ისევ იმ მდგომარეობამდე მისვლა, რაც მანამდე იყო, საკმაოდ სწრაფად მოხდება. არ შეცვლილა საწვავის ხარისხი, გზების საფარის მდგომარეობა, გამწვანება. ეს ყველაფერი ისევ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას.
საგანგებო მდგომარეობის დროს სითბური ტალღებიც კი შემცირდა ქალაქში და თოვლი მოვიდა. ეს წლების განმავლობაში თბილისს არ უნახავს. ასევე, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ისიც, რომ ამ ხმაურის შემცირების ფონზე ჩვენ ჩიტების ჭიკჭიკი გავიგონეთ, მთაწმინდიდან აბსოლუტურად განსხვავებულმა ჰაერმა დაუბერა. ქალაქმა იგრძნო, რომ ეს ისევ თბილისია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს ქალაქი ასეთი სუფთა? ერთადერთი საშუალება იმისა, რომ შევამციროთ ინდივიდური ტრანსპორტის მოძრაობა და ქუჩების გადატვირთვა, ეს საზოგადოებრივი ტრანსპროტის კარგად გამართული ქსელის არსებობაა. მნიშვნელოვანია სატრანსპროტო პოლიტიკისა და გეგმის არსებობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ ქალაქს არ აქვს. ამაში ვგულისხმობ იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მოძრაობა. სად უნდა იყოს გაჩერებები, როგორი უნდა იყოს შუქნიშნების პოლიტიკა, რა სიხშირით უნდა მოძრაობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელი ტრანსპროტი უნდა მოძრაობდეს: ზოგ შემთხვევაში უნდა იყოს ავტობუსი, ზოგში – მიკროავტობუსი, ოღონდ ეს უნდა იყოს მკაცრად გაწერილი. როგორც კი საზოგადოებრივი გამართული ტრანსპორტი იმოძრავებს, გამონაბოლქვი ატმოსფერულ ჰაერში შეგვიმცირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამშენებლო პოლიგონების მდგომარეობა. არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ: სახლები შეფუთული არაა, ზოგმა გააკეთა მოჩვენებითად შეფუთვა, მაგრამ ეს მაინც არაა ისეთი, რომ გარშემო მოსახლეობა ხმაურითა და მტვრით არ იყოს შეწუხებული. ასევე, არ  შეიძლება, პარალელურად ყველა ქუჩის რემონტი იმიტომ, რომ ხალხი ნამდვილად გაწამდა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები