ეკონომიკის საკითხების ექსპერტის, ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა, მოქალაქეების პოზიტიური განწყობები იყოს, რაც ეკონომიკის ამუშავებას უკავშირდება. ამის შესახებ მჭედლიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მჭედლიშვილმა ეროვნული ვალუტის გამყარების ფაქტორებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„პოზიტიური ახალი ამბავი არის ის, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა ამუშავდა. რესტორნებმა, სასტუმროებმა, სხავადასხვა ბიზნესსუბიექტმა მუშაობა დაიწყეს. ხალხი ხედავს, რომ ეკონომიკა მუშაობს და პოზიტიური განწყობები იქმნება. ლარის გამყარების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება, ეს პოზიტიური განწყობები იყოს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა სრულად არ არის ამუშავებული, მაგრამ ლარზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. იგივე სამეზობლოში რომ შევხედოთ – რუსული რუბლი მყარდება. ლარი ხშირად ცალსახად რეაგირებს ხოლმე რუსული რუბლის ან აწევაზე ან დაწევაზე. ასევე, ჩვენი მეზობლების, მაგალითად, თურქული ლირის აწევა -დაწევაზე. ეს გასაგებიცაა იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. აქედან გამომდინარე, მეორე ფაქტორი შეიძლება, იყოს რუსული რუბლის გამყარება და ჩვენთანაც პოზიტიური მოლოდინების შექმნა ამასთან დაკავშირებით. მესამე ფატორი, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია: ჩვენ ნელ-ნელა ვიღებთ დასავლურ დახმარებას. გარკვეული გადმორიცხვები უკვე განხორციელდა და დოლარის ეს მასა შემოვიდა ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის რეზერვებში, მთავრობის განკარგულებაში. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც შეიძლება, ეს იყოს.
ძალიან რთულია პროგნოზირება იმისა, რა კურსი ექნება ლარს ან სხვა ვალუტას ამა თუ იმ პერიოდში. მაგრამ, ჩემი აზრით, მომდევნო თვეების განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით, დაახლოებით, 3 ლარის ფარგლებში იქნება. ეს, ცხადია, უფრო მყარი კურსია, ვიდრე გვქონდა, დაახლოებით, 3 კვირის ან 1 თვის წინ.
ინფლაციაზე ეს პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ფასების დაწევასაც შეიძლება, რომ ველოდოთ“, – განაცხადა მჭედლიშვილმა.