საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ლარი კიდევ უფრო გამყარდება.
ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ლარის კურსის გამყარების ფაქტორების შესახებ ისაუბრა.
„ლარის გამყარებაზე მოქმედებს როგორც წმინდა ეკონომიკური ფაქტორები, ასევე, მოლოდინებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხშირად ამ მოლოდინებს საკმაოდ დიდი კორექტურა მოუხდენია ლარის კურსზე. როცა არის აჟიოტაჟები ან პანიკა, მაშინ სულ რომ პოზიტიური იყოს ეკონომიკური მაჩვენებლები, ლარზე ეს საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ხოლმე და რატომ – ჯერ ერთი, ჩვენ ვართ შედარებით მცირე ზომის ბაზარი. პანიკა იწვევს იმას, რომ ადამიანები არა მარტო ფიზიკური, არამედ იურიდიული პირებიც იწყებენ დოლარის შესყიდვას, დოლარის დარეზერვებას იმის შიშით, რომ ხვალ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. ეს, ძირითადად, არის ხოლმე ტურისტული სეზონების დასასრულ, როცა ელოდებიან, რომ შემცირდება უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. დღეს ვიცით, რომ ეკონომიკა გაჩერებული, დაპაუზებული იყო, აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია მოლოდინი. ახლა რაც ლარს ამყარებს, ეს არის მოლოდინები, ოღონდ არა ნეგატიური, არამედ, პირიქით, ოპტიმისტური და რატომ – როცა ეკონომიკის გახსნა ხდება, ადამიანებს ისედაც ოპტიმიზმი უჩნდებათ. ეს ბუნებრივი მოვლენაა. დაპაუზებამ, რომელიც კოვიდ 19-თან იყო დაკავშირებული, კი შემქნა გარკვეული პრობლემები ვარდნის, ანუ ეკონომიკური ბრუნვის შემცირების თვალსაზირისით, მაგრამ გახსნას თან ყოველთვის ახლავს უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებში. იურიდიული პირები იმის იმედით, რომ ხვალ მეტი ბრუნვა იქნება, ზარალს, რომელიც გაჩერებიდან გამომდინანე მიიღეს, დააკომპენსირებენ, არ უჩნდებათ იმის შიში, რომ დაიწყონ დოლარის პანიკური შესყიდვა. პირიქით, მე რომ მკითხოთ, დოლარის გაყიდვა უფრო ხდება.
რას ეყრდნობა მოლოდინი – პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო დახმარება მიიღო, იყო საქართველო, 3 მილიარდ დოლარზე რომაა საუბარი, რომელიც ჩვენ გამოგვეყო. თანხის ნაწილი, ფაქტობრივად, წამოსულია, მომავალში ჩვენ მივიღებთ, ესეც პოზიტიურ მოლოდინს აჩენს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დაიძვრება, არ იქნება დოლარის დეფიციტი.
ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის პოზიტიური მოლოდინები და ეს დაკავშირებულია იმ ანტიკრიზისულ გეგმასთან, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა.
ასე რომ, პროგნოზს პოზიტიურად ვუყურებ ორი რამის გამო: მართალია, ეკონომიკა რომ გაიხსნება, მოთხოვნაც გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხების შემოდინება მოხდება, არ გვექნება უცხოური ვალუტის დეფიციტის პრობლემა. ასევე, უნდა ითქვას, რომ ბევრი საწარმო საქართველოში, იგივე აგროსექტრსა და ინდუსტრიაში, პრინციპში, არ გაჩერებულა, 65 000-მდეა ამ საწარმოების რაოდენობა.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ლარის გაუფასურებას არ ვპროგნოზირებ, პირიქით, ჩემი პროგნოზით, კიდევ უფრო გამყარდება ლარი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9562 ლარია.
თამუნა შეყილაძე