რატომ გამყარდა ლარი და რა ელის ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს მომავალში – ვახტანგ ჭარაიას განმარტება

“თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლარს მომდევნო გაუფასურების ტალღა არ ელოდება”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჭარაიამ ლარის კურსის გამყარების ფაქტორების შესახებ ისაუბრა.

„ფაქტია, რომ ლარის გამყარება გვაქვს, თან საკმაოდ სოლიდურად გამყარდა, დაახლოებით – 10 %-ით, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიაში იშვიათად მომხდარა. პირადად მე ველოდები, რომ ეს ტრენდი გაგრძელდება, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე. არ ველი, რომ ლარი გახდება ორი ერთთან, მაგრამ ველი, რომ ცოტ-ცოტა გამყარებას განაგრძობს, ვიდრე – გაუფასურებას. ამასთანაა კავშირში საერთაშორისო დახმარებები, რომელსაც საქართველო იღებს, მნიშვნელოვანი დოზით საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირება, ამასთანაა კავშირში დოლარზე მოთხოვნის შემცირება იმიტომ, რომ ხშირად ადამიანი როცა ხელფასს იღებდა, როცა ჰქონდა ამის შესაძლობლობა, ის თავის ეროვნულ ვალუტას უცხოურ ვალუტაში ახურდავებდა და დანაზოგის სახით უცხოურ ვალუტას ინახავდა. არსებულ მდგომარეობაში, შემცირებული სამუშაო ადგილების, დაპაუზებული ხელფასებისა და ა.შ. პირობებში დოლარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ესეც პოზიტიურად მოქმედებს ქართულ ლარზე ისევე, როგორც ეკონომიკის გახსნა და ახალი შესაძლებლობების მიცემა ეკონომიკისთვის. მთლიანობაში ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც ლარზე გაუფასურების კუთხით მოქმედებენ“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

მისივე თქმით, ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის სტრატეგიის შეცვლა.

„აქამდე ეროვნული ბანკი ამბობდა, რომ ის არ იყო პასუხისმგებელი გაცვლით კურსზე, ის მხოლოდ ინფლაციაზე აგებდა პასუხს. წლების განმავლობაში ეკონომისტები ვამბობდით და ეროვნული ბანკი გვეწინააღმდეგებოდა, მხოლოდ ინფლაცია გვევალება და არა – გაცვლითი კურსიო, არადა, ორივე ერთადაც ევალება იმიტომ, რომ ერთის გარეშე მეორის მიღწევა შეუძლებელია. ლარის გაუფასურებით იყო დიდწილად გამოწვეული ფასების ზრდა. ახლა ეროვნული ბანკი უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდა და, ნაცვლად მსხვილი ჩარევებისა, რომლებსაც ძალიან იშვითად ახდენდა, გადავიდა ყოველდღიური ჩარევის პრინციპზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომე როვნული ბანკი კურსის მართვას იწყებს, მაგრამ იმის გაანგარიშება და განჭვრეტა, რამდენად ობიექტურზე მეტადაა გადახრილი გაცვლითი კურსი ერთი ან მეორე მიმართულებით, შესაძლებელია. ამ დროს ყოველდღიურ რეჟიმში ერთვება ეროვნული ბანკი და ესეც თავის პოზიტიუერ გავლენას ჰპოვებს ლარის გაცვლით კურსზე.
ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც წესით, ჩემი აზრით, უნდა გაგრძელდეს წლის ბოლომდე, კარგ შემთხვევაში. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ლარს მომდევნო გაუფასურების ტალღა არ ელოდება, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა. თუ კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, თუ კიდევ სხვა ფაქტორები მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, პროგნოზირება შეუძლებელია. მაგრამ ამ ტემპებით, რა ტემპებითაც მივდივართ და რა ტემპებიც არის დაგეგმილი ეკონომიკის გახსნისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემისთვის, ამ გზით შევძლებთ, რომ ლარი სტაბილური იყოს“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, დღეს, ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად,1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9562 ლარია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები