რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” ქვეყანაში კორონავირუსის დროს ეკონომიკურ საქმიანობებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პანდემიის დროს მუშაობა არ შეუჩერებია ჭიათურის, ზესტაფონის, რუსთავის ქარხნებს.
“ეკონომიკაზეც მინდა, ვთქვა. ეკონომიკა გავაჩერეთ, რომ გადაგვერჩინა სიცოცხლე. მაგრამ ეკონომიკაც ნახეთ, როგორ გავაჩერეთ – სასოფლო სამეურნეო სამუშაოები რომ არ გავაჩერეთ, ეგ ცალკე თემაა, სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა რომ წარმატებით მუშაობდა, ეგ კიდევ ცალკე თემაა.
ასევე ყველა დიდი საწარმო, რომელიც განსაკუთრებით ექსპორტზეა ორიენტირებული, მადნეული იქნება ეს თუ სხვა – ჭიათურა, ზესტაფონი, რუსთავი ყველა მუშაობდა, არცერთი გაჩერებულა. მოვახერხეთ ისე, რომ დავიცავით და ცალკე საკარანტინე ზონები შევუქმენით მათ. ფაქტობრივად, ორი ტიპის საკარანტინე ზონა გვქონდა. ერთი, სადაც დაავადება იყო და იქედან არ გავრცელებულიყო ინფექცია და მეორე – სადაც არ უნდა შესულიყო ეს ინფექცია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.