“კომენდანტის საათის” დარღვევისას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მიმალვაში მყოფი პირი ქუთაისში დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, ქურდობისთვის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ჯ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევაში.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 მაისს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ამავე კორპუსში მცხოვრები მ.ჯ. შენიშნეს, რომელიც კომენდანტის საათს არღვევდა. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააფრთხილეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც სამართალდამრღვევი მოქალაქე არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ მ.ჯ.-ს ოჯახის წევრები და მეზობლები, რომელთა დახმარებით ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა.
მომხდარი ინციდენტის შედეგად, პოლიციელებმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 2-დან 5 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები