ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიერ წარდგენილი გეგმა მნიშვნელოვანია, რადგან სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს
“სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორია, ამიტომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი გეგმა, რომელიც მათ მხარდაჭერას ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გეგმის ბენეფიციარები მოქალაქეებიც იქნებიან.
“დღეს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რომლებსაც შესაბამისი კომპანიები მიიღებენ და რომლებსაც, არაპირდაპირ, ჩვენი მოქალაქეებიც მიიღებენ. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სექტორი, რომელსაც ქართულ ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი წილი უკავია. ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში ამ სექტორის მხარდაჭერას. ამ გეგმის ბენეფიციარები იქნებიან სამშენებლო და დეველოპერი კომპანიები, თუმცა, ამასთან ერთად, ბენეფიციარები იქნებიან მოქალაქეები, რომელთა ინტერესებშია სამსახურების შენარჩუნება. ბუნებრივია, ეს გეგმა დასაქმებას ხელს შეუწყობს. ასევე, მიზანია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება”, – განაცხადა კობახიძემ.