ირაკლი კობახიძე: პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციაა
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ახალი ჩანაწერებით მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობა ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციაა.
“გვქონდა რეალურად საქმის სხვადასხვა ალტერნატივა – ერთი, ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, მეორე – ეპიდემიის თავის ნებაზე მიშვება და მესამე – ამ კანონის მიღება. ჩვენ შეგვიძლია, შევეკითხოთ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ამ სამიდან რომელი იყო უკეთესი შესაძლებლობა: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, რაც არ იძლეოდა შემდგომ კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას, მეორე – ეპიდემიის თავის ნებაზე მიშვება, თუ ამ კანონპროექტის მიღება. მე მგონი, პასუხი არის ძალიან მარტივი. ერთადერთი ალტერნატივა იყო ამ კანონის მიღება.
ადამიანის უფლებების ნაწილში ყველაფერი არის ნათელი – კონსტიტუცია ადგენს სტანდარტებს და ადამიანის უფლებები შეიზღუდება ამ სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, თანაზომიერებისა და განჭვრეტადობის პრინციპების შესაბამისად.
რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას – ყველა უფლებამოსილება რჩება პარლამენტს და მას შეუძლია, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა ბერკეტი, მათ შორის შეიძლება, დასვას კითხვები, დაიბაროს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, შეიძლება, ინტერპელაციის წესით დასვას კითხვები. პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად რჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.