“რა ჯობს ამ უნიკალურ ბუნებაში სირბილსა და ვარჯიშს” – როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ლენტეხში ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ევროპის კადეტთა ტურნირის გამარჯვებული, ბავშვთა ოლიმპიადის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მედლის ორგზის მფლობელი, 23 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და დიდების  ჩემპიონატის გრანპრის მედლის მფლობელი – ეს იმ ტიტულების ჩამონათვალია, რომელიც ლენტეხელ ძიუდოისტს – ეთერ ლიპარტელიანს ეკუთვნის.

ეთერი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის ახალი კორონავირუსის დაწყებისას თბილისში იყო და ჯერ კიდევ აქტიურად ვარჯიშობდა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი ლენტეხში საკუთარ კუთხესა და ოჯახს დაუბრუნდა.

“რეგიონული კვირა“ დაინტერესდა, როგორ ატარებს პანდემიის პერიოდს ძიუდოისტი ქალი და მას მშობლიურ ლენტეხში, საკუთარ სახლში ესტუმრა.

როგორც ლიპარტელიანი ამბობს,  პირველივე დღიდან ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო. სავარჯიშო ტატამი ლენტეხელებმა სპორტული დარბაზიდან ათხოვეს, მამამ კი კუსტარულად ორძელი დაუმზადა.

“ვეცადე, პანდემიის ნაცრისფერი დღეები უქმად არ დამეკარგა, ჩემი სავარჯიშო დარბაზი მამისა და კეთილი ადამიანების დახმარებით მოვაწყვე. აქაც ისეთივე დატვირთვით ვვარჯიშობ, როგორც – თბილისში. ერთი ისაა, რომ პარტნიორები არ მყავდა, თუმცა, აქაც ვიპოვე გამოსავალი –  მეგობარს, ლევან გუგავას ვთხოვე, დამხმარებოდა. თვითონაც მოჭიდავეა და ვარჯიშს ერთად შევუდექით“, – გვიყვება ეთერი.

ლენტეხის ჩაკეტილ ზონად გამოცხადებამ ძიუდოისტის გეგმები არია, მაგრამ ტაქტიკა უმალ შეცვალა და ბუნებაში ვარჯიში დაიწყო. ჩათვალა, რომ ასე უფრო უსაფრთხო იქნებოდა.

“რა ჯობს ამ უნიკალურ ბუნებაში სირბილსა და ვარჯიშს. მომიწია, მარტო გადავრთულიყავი ახალ რეალობაზე, ამიტომ ბუნებას მივმართე სუფთა ჰაერზე სავარჯიშოდ”.

ძიუდოისტმა პანდემიის პირობებში კიდევ ერთი კარგი საქმე გააკეთა – უმცროს დას ვარჯიში დააწყებინა.

“ჩემმა დამ გადაწყვიტა, მომბაძოს. მე არჩევანი მოვუწონე, რატომაც არა, გულიანად ვავარჯიშე. ახლა, როგორც კი ეს ამბები ჩამთავრდება და თბილისში წავალ, მასაც  წავიყვან და იქ  ერთად ვივარჯიშებთ“.

ეთერ ლიპარტელიანს ბევრი თავისუფალი დრო მაინც არ აქვს, რადგან მწვრთნელი ყოველდღიურ სავარჯიშო გეგმას აწვდის და  პროფესიონალიზმს ასე იმაღლებს. თბილისში სპორტის უნივერსიტეტშიც სწავლობს, ონლაინლექციებზე ერთვება და მისთვის ამ სტილით სწავლება, გარკვეულწილად, მომგებიანიცაა, რადგან ვარჯიშების გამო ლექციების გაცდენა არ უწევს.

სამომავლო სპორტული  გეგმები ჯერ არ იცის.  ამბობს, რომ პანდემიის დღეები  ყველა სპორტსმენს თავის კვალს დაამჩნევს.

“გარეთ მაინც გავდიოდი, ბუნებაში დავრბოდი, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი ბევრ სპორტსმენს ამის საშუალება  არ ჰქონდა. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით“, -ვარაუდობს ძიუდოისტი.

ეთერ ლიპარტელიანისთვის პანდემიის ყველაზე დიდი სიკეთე ოჯახთან გატარებული დღეებია.

პანდემიამ ჩემთვის ყველაზე დიდი სიკეთე ის გააკეთა, რომ ოჯახში, ჩემებთან დიდი ხანი დავყავი. მამასთან, დედასა და ჩემს დებთან ერთად დიდი ხანია, ასე ახლოს არ ვყოფილვარ. სულ მენატრებოდნენ, განსაკუთრებით, დედას უხარია“, – ამბობს მსოფლიოსა და ევროპის პირველი ქართველი ქალი ჩემპიონი.

უჭირს სვანეთისა და ოჯახის მიტოვება, მაგრამ წასვლასაც მოუთმენლად ელის, რადგან იცის, რომ ახალი გამარჯვებებით საკუთარ კუთხეს უფრო გაახარებს.

 მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები