დრო, როცა სახლში სანთლის ანთება შენს შესახებ ეჭვებს გააჩენდა
დღეს სანთელი ხშირად რომანტიკის, სიმყუდროვის ან ეკლესიური რიტუალების სიმბოლოდ მიიჩნევა, თუმცა არსებობდა დრო, როცა სანთლის ქონა უბრალო ადამიანისთვის საზოგადოებრივ ამბოხთან და დანაშაულთან ასოცირდებოდა. შუა საუკუნეების ევროპის ზოგიერთ რეგიონში სანთელი მხოლოდ სინათლის წყარო კი არა, სოციალური პრივილეგიის მაჩვენებელიც იყო — და ის, ვინც საკუთარ სახლში სანთლის ანთებას ბედავდა, ხშირად მეზობლების ეჭვისა და ხელისუფლების დაკვირვების ქვეშ ექცეოდა.
XVII-XVIII საუკუნეებში — განსაკუთრებით ინგლისსა და საფრანგეთში — სანთელი ძვირი გახლდათ. ცვილის სანთლები, რომლებიც სუფთა და ნელი წვის თვისებებით გამოირჩეოდა, მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ღარიბებსა და გლეხებს, უმეტესად, მხოლოდ ღორის ქონისგან დამზადებული სანთლები რჩებოდათ — ესეც კარგ შემთხვევაში.
მუშათა კლასის წარმომადგენლები ხშირად დაღამებამდე შრომობდნენ. განათების არარსებობის პირობებში, საღამოს მთავარი აქტივობა მხოლოდ ძილი რჩებოდა. ამიტომ, როცა რომელიმე ოჯახში ღამით სანთელი ინთებოდა, ეს ნიშნავდა ორ რამეს: მათ ჰქონდათ შემოსავალი და განათლება — რაც ეჭვს ბადებდა — ან ისინი რაიმე აკრძალულ საქმიანობას ეწეოდნენ. მსგავსი ეჭვები განსაკუთრებით ვრცელდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც წერა-კითხვა იცოდა და ღამით კითხულობდა. წერა-კითხვა საეჭვო უნარად მიიჩნეოდა — განათლებული გლეხი ხელისუფლებისთვის უფრო სახიფათო იყო, ვიდრე — მშიერი.
პურის საცხობებში, ქარხნებში და სხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ხშირად არსებობდა წესი, რომელიც ჩვეულებრივ მუშას სანთლის ანთებას უკრძალავდა — ეს ან ცეცხლის რისკით აიხსნებოდა, ან, უბრალოდ. კონტროლის შენარჩუნების სურვილით.
მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში სანთლების მასობრივმა წარმოებამ შეცვალა სინათლის მიმართ დამოკიდებულება. სინათლე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და პრივილეგიებთან აღარ ასოცირდებოდა.
თუმცა, ისტორიული სიმართლე ასეთია: არსებობდა დრო, როცა ღამით კითხვის სურვილი — გამოხატული სანთლის ანთების აქტით — ხელისუფლებისთვის მიუღებელი ქმედება იყო. სანთელი მაშინ მხოლოდ განათების წყარო არ ყოფილა. ის გახლდათ განათლების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლო.