The National Interest: საბოლოოდ, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება

“სააკაშვილს საშინელი ურთიერთობა აქვს კაბინეტის ყველაზე ძლიერ მინისტრ არსენ ავაკოვთან. ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრაზე ავაკოვს “ქურდი” უწოდა, ხოლო ავაკოვმა მიშას სახეში ჭიქით წყალი შეასხა და “ნაბიჭვარი” უწოდა პასუხად”, – ამის შესახებ საუბარია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში –  “სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება”.
სტატიის თანახმად, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება
“მისი დანიშვნა მმართველ გუნდში მყისიერად იწვევს შიდა დაძაბულობას. მოკლევადიან პერიოდში, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრები მოსაწყენი აღარ იქნება. თან, სააკაშვილის ხისტი მიდგომა რუსეთის მიმართ სავარაუდოდ კონფლიქტს გააჩენს აპარატის უფროს ანდრეი იერმაკთან, ხოლო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნისადმი მიდრეკილება ნამდვილად გააღიზიანებს ზელენსკის, რომელსაც საჯარო სივრცე თავისთვის უნდა.
სააკაშვილის დანიშვნა სამაგიეროს გადახდა გამოვა. ზელენსკის მოწინააღმდეგე პეტრო პოროშენკოს ის სძულს. ზელენსკიმ პოროშენკოს არა მხოლოდ მოუგო საპრეზიდენტო მარათონი ერთი წლის წინ 3/1-ზე სხვაობით, არამედ ახლა სასჯელს უნიშნავს ხელისუფლებაში. პოროშენკომ უშიშროების სამსახურს სააკაშვილი თავისი ბინის კორპუსის სახურავზე გამოამწყვდევინა და შემდეგ ქართული რესტორნიდან იარაღების ლულის ქვეშ გამოათრევინა კიევში. მისი დეპორტაცია კერძო თვითმფრინავით განხორციელდა პოლონეთში, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსი არ დარჩენოდა. მაშინ მიშა ლეგიტიმურად წარმოადგენდა საფრთხეს პოროშენკოს ადმინისტრაციისთვის, რომელსაც საარჩევნო უბნებში აშკარად უჭირდა. ნეტავ, რას ნიშნავს ეს უახლესი შემოტრიალება უკრაინის ბიზანტიურ პოლიტიკაში? რასაც ჩვეულებრივ ნიშნავს ხოლმე. სამომავლოდ მოსალოდნელია ძლიერი ტურბულენტობა და უსიამოვნო ეკონომიკური დაღმასვლა. კორონავირუსის შედეგად, მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის 7.7-პროცენტიან შეკვეცას ელის. საბოლოოდ, სააკაშვილის დანიშვნა ვერ გაამართლებს და 4 მარტს დანიშნული ისედაც სუსტი მთავრობის დესტაბილიზაცია მოხდება. თუ ზელენსკის პარტია ხმებს შეაგროვებს სააკაშვილი დაბრუნდება, თუმცა ვინ უწყის რა ხნით“, – ნათქვამია The National Interest-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები