რევაზ მეჭურჭლიშვილი: იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი, რევაზ მეჭურჭლიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს და იმედოვნებს, რომ დაავადება სეზონური იქნება და ზაფხულში შესუსტდება.

მეჭურჭლიშვილი ინტერვიუში კორონავირუსის მკურნალობის მეთოდების შესახებაც საუბრობს.

“ამჟამად, “პლაქვენილის”, ანუ”ჰიდრო­ქსიქლოროქინის” ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საეჭვო ხდება, თუმცა მაინც გამოიყენება ამერიკაშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, ჩვენთანაც… მას აქვს ეფექტი, თუმცა რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, ეფექტიც მეტია. თუ განვითარებულ დაავადებაზე ვიწყებთ მკურნალობას, ეფექტი მცირდება. ამიტომ არის საჭირო, მსუბუქი შემთხვევის დროს, სიმპტომის გამოვლენისთანავე ამ პრეპარატით მკურნალობა და ასეც ვიქცევით. რაც შეეხება “რემდესივირს” – ის კვლავ კლინიკური კვლევების დონეზეა და მასშტაბურად არ იყენებენ, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ პრეპარატმა იმედი გაგვიცრუა ან პირიქით, მისი იმედი გვაქვს, თუმცა ველით, რომ ჩვენთანაც მალე იქნება და გამოვიყენებთ.

ახალი პრეპარატები არ გამოჩენილა,­ თუმცა გამოვცადეთ ის პრეპარატები, რომ­ელთა იმედიც თავიდან გვქონდა, მაგალითად, “ტოცილიზუმაბი” – მონოკლონური ანტისხეული, რომელიც გამოიყენება ინტ­ერლეიკინ 6-ის რეცეპტორის წინააღმდეგ. ინტერლეიკინ 6 ის ციტოკინია, რომელიც მონაწილეობს ციტოკინურ შტორმში, რაც, სამწუხაროდ, ამ დაავადების დროს ხშირია და იწვევს პაციენტების მდგომარეობის დამძიმებას. “ტოცილიზუმაბი” გამოიყენება სწორედ ამ შტორმის თავიდან ასაცილებლად ან უკვე დაწყებული შტორმის შესამსუბუქებლად. ეს პრეპარატი ჩვენს კლინიკაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ გამოვიყენეთ, როცა მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა, პაციენტს სჭირდებოდა არაინვაზიური ვენტი­ლაცია, იყო მკვეთრად ჟანგბადდამოკიდებული და სხვა პრეპარატ­ები, რომლებიც მანამდე გამოვიყენეთ, არ აღმოჩნდა ეფექტიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა “ტოცილიზუმაბი”, რამაც ავადმყოფის მდგომარეობა გააუმჯობესა. რამდენიმე დღის წინ გავწერეთ კლინიკიდან, რაც ძალიან სასიხარულოა, რადგან “ტოცილიზუმაბის” გამოყენება დაკავშირებულია დიდ რისკთან – თუ პაციენტის მდგომარეობას განსაზღვრავს არა Covid 19, არამედ – რომელიმე სხვა ინფექციური ან ქრონიკული დაავადება და თუ ექიმმა ეს ზუსტად ვერ განსაზღვრა, შეიძლება, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს და გარდაცვალებითაც კი დასრულდეს, თუმცა ჩვენთან სწორად შეფასდა ეს რისკი და კარგი შედეგიც მივიღეთ. “ტოცილიზუმაბს” იყენებენ იტალიაში, გერმანიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

რაც შეეხება კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდს – მართალია, ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდეა, მაგრამ დაავადება ხშირად მე-5-6 დღეს უკვე ვლინდება, ანუ, ძირითადად, ინკუბაციური პერიოდი 5-6 დღეა. რაც შეეხება დაავადებას, ძალიან გახანგრძლივდა – გამოჯანმრთელების დრო მსუბუქ შემთხვევებში, დაახლოებით, 20 დღეა, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი ავადმყოფობა შეიძლება­ ექვს კვირაზე მეტხანსაც გაგრძელდეს. ჩვენ ახლაც გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც 5 მარტს შემოვიდა და ტესტზე გუშინაც კი დადებითი პასუხი ჰქონდა. დაავადების გახანგრძლივება ართულებს ახალი პაციენტების მიღებას, ინფიცირების შემთხვევები კი იმატებს, ამიტომ ყველანაირად უნდა ვცადოთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს.

განგაშის საფუძველი, რა თქმა უნდა, გვაქვს! ჩვენთან პიკის პერიოდი უკვე დაწყებულია, რასაც დაემთხვა აღდგომის დღესასწაული და შეიძლება, დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. თუ ყველა მითითებას ზედმიწევნით არ შევასრულებთ, დღეში გვექნება ინფიცირების არა 30-40, არამედ – ასეულობით შემთხვევა, ექიმები კი ასეულობით შემთხვევის გასამკლავებლად მზად არ ვართ. რაც დღეში საშუალოდ 30 პაციენტის ინფიცირება დაიწყო, კლინიკები უკვე მაქსიმალურ ზღვარზე ვმუშაობთ. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ასეული თუ გახდა, ავადმყოფთა სახლებში მკურნალობა მოგვიწევს. ყოველდღე გვიკავშირდებიან ქართველი ემიგრანტები ესპანეთიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ინგლისიდან… გვიყვებიან იქ შექმნილ მდგომარეობაზე და გვეუბნებიან, რომ მიდიან ექიმთან, რომელიც უდასტურებს, რომ ინფიცირებულები არიან, თუმცა, ვერც კლინიკაში აწვენს, ვერც გამოკვლევებს უტარებს, მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია… თუ არ გვინდა, ჩვენთანაც ეს მოხდეს, უნდა გავფრთხილდეთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თორემ მერე ყველაფერი შეიცვლება…”, – განმარტა მეჭურჭლიშვილმა.

კითხვაზე “დათბობასთან ერთად მწერები რომ გამრავლდებიან, შესაძლებელია, ისინი ამ დაავადების გამავრცელებლებად იქცნენ”, – მეჭურჭლიშვილი პასუხობს, რომ, მისი აზრით, კორონავირუსს გადამტანი არ გამოუჩნდება.

“არ მგონია, რომ ამ დაავადებას გადამტანი გამოუჩნდება. იმედი მაქვს, რომ ეს ვირუსიც სეზონური აღმოჩნდება და ზაფხულში შესუსტდება”, – აღნიშნა მეჭურჭლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები