დიმიტრი კორძაია: ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია საქართველოში დამზადებული პირბადეების ხარისხის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე განმარტა, ქართული წარმოების 12-ფენიანი პირბადე მაინც იცავს ადამიანს Covid19-ის ვირუსის მიკრონებისგან.

“ის მაინც იცავს!
მეგობრებო, მეც დავინტერესდი ქართული პირბადეების ანალიზით.
მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია“), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს (ფოტო #1)
წვეთის ზომა, რომელშიც „ზის“ Covid19 ვირუსი აღემატება 5 მიკრონს და მერყეობს ფართო ფარგლებში (ხშირად 100 მიკრონი და მეტია).
ქართული წარმოების პირბადე შეიცავს 12 ფენა მარლას. ამ ფენების ძაფების ურთიერთგადაფარვის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ რჩება 5 მიკრონის ზომის ნაპრალი. ალბათობის თეორიის სპეციალისტებს ვთხოვ, დაგვიანგარიშონ სხვადასხვა ზომის ნაპრალების დარჩენის შესაძლებლობის სიხშირე.
ფოტო #2 უჩვენებს მარლის 6 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას.
ფოტო #3 უჩვენებს მარლის 12 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას (შუქი ცუდად ატანს, რის გამოც ქვემო ფენების ძაფების გარჩევა, განსხვავებით #2 ფოტოსგან, ვეღარ ხერხდება).
​ამდენად, ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს!
p.s. მუშაობის არსებულ პირობებში უკეთესი მიკროფოტოგრამები ვერ გადავიღე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი”, – წერს დიმიტრი კორძაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები