ეკა ლალიაშვილი: როგორც დღეს პანდემიას ვებრძვით გაერთიანებული ძალებით, ისე უნდა ვებრძოლოთ ძველ ავტოპარკსა და გამონაბოლქვს

“როგორც დღეს ვებრძვით ამ პანდემიას გაერთიანებული ძალებით, ისე უნდა ვებრძოლოთ ძველ ავტოპარკსა და გამონაბოლქვს, იმ ემისიებს რომლებიც არანაკლებ ზიანს გვაყენებს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.

ეკა ლალიაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოში ბოლო პერიოდში საგანგებო მდგომარეობის ფონზე ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია.
„ბოლო კვირების განმავლობაში თვალ-ყურეს ვადევნებთ air.gov.ge/-ს, სადაც განთავსებულია ჰაერის ხარისხის მზომი რამდენიმე სადგური სხვადასხვა ქალაქში. მუდმივ რეჟიმში ვუყურებთ, რომ ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი და კარგი შედეგია. ჩვენ ძალიან მტკიცე და მყარი არგუმენტი გვაქვს, თუნდაც, ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ვამოწმებდით ამ სადგურს, ის მუდმივად იყო გაწითლებული. აშკარად შეიძლება შეფასების გაკეთება, რომ დაბინძურებული ჰაერი, რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით, გადატვირთული ტრანსპორტით იყო გამოწვეული. მუდმივად ვცდილობდით, დაგვემტიკცებინა, რომ მოძველებული და ემისიებით სავსე ტრანსპორტი არის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი.
ვიცით, რომ რამდენიმე პარამეტრი მოწმდება. აქ არის როგორც აზოტის დიოქსიდი, ასევე, შეწონილი მყარი ნაწილაკები, რომელთა ნაწილი მშენებლობებითაა გამოწვეული. დღეს თუ ვიტყვით, სამშენებელო სექტორი არ გაჩერებულა, მაგრამ სატრანსპორტო სექტორი, ნამდვილად, მეტნაკლებად, გაჩერდა იმიტომ, რომ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შინ დარჩენის მოწოდებებია და სამსახურები არ მუშაობენ, ტრანსპორტი ქუჩებში ბევრად შემცირებულია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, ის მყარი ნაწილაკები, რომელზეც ვამბობდით, რომ დიდწილად გამოწვეული იყო სამშენებლო სექტორით, შეიძლება დღეს ითქვას, რომ არათუ სამშენბლო სექტორით, არამედ სატრანსპორტო ემისიებით გამოწვეული ყოფილა“, – აცხდებს ეკა ლალიაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პანდემია გადაივლის და ჩვეულ ყოფას დავუბრუნდებით, აღნიშნული მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი.
„როგორც დღეს ვებრძვით ამ პანდემიას გაერთიანებული ძალებით, ისე უნდა ვებრძოლოთ იმ ძველ ავტოპარკს და გამონაბოლქვს, იმ ემისიებს, რომელიც არანაკლებ ზიანს გვაყენებს. ესეც იქნება კარგი გეგმა სამომავლოდ: როცა გადავივლით ამ სირთულეებს, უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი ამოცანები უნდა დავისახოთ მიზნად, რომ გავამწვანოთ და გავაახალგაზრდავოთ ჩვენი ავტოპარკი იმისთვის, რომ ეს ჰაერი შენარჩუნდეს“, – განაცხადა ლალიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.
როგორც ნოე მეგრელიშვილის აცხადებს, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ავტოტრანსპორტის მოძრაობის მკვეთრად შემცირების შედეგია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები