ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი არ გვქონდეს
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი კვირიდან ადგილობრივი წარმოების პირბადეები, სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს ჩვეულებრივ გაყიდვაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის სახელმწიფო, სახალხო პროექტი, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი.
მინისტრმა რაოდენობის შესახებ აღნიშნა, რომ, პირველ ეტაპზე, შეიძლება სრულად ვერ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.
„მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი კვირიდან ადგილობრივი წარმოების პირბადეები, სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდეს ჩვეულებრივ გაყიდვაში. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის სახელმწიფო, მე ვიტყოდი, სახალხო პროექტი, პირბადეების ფასი იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება რაოდენობას – პირველ ეტაპზე, შეიძლება სრულად ვერ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნები, რადგან დამოკიდებული ვართ ნედლეულის მოწოდებაზე, რაც არ არის მარტივი საქმე, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გვქონდეს ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი, მითუმეტეს, რომ საქართველოში იკერება პირბადეები არამხოლოდ ჩვენი პროგრამის ფარგლებში,”, განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე მსხვილი და წვრილი სამკერვალო კომპანიაა ჩართული პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამაში, რომელიც, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო.
„ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ, მეტნაკლებად, სტაბილურად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც არ არის მარტივი, რადგან დოლბანდი, რომელსაც ვიყენებთ, არ იწარმოება საქართველოში, ეს არის შემოსატანი ნედლეული და ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესებული. თუმცა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის დახმარებით უკვე უზრუნველყოფილია ნედლეულის მეტ-ნაკლებად სტაბილური მიწოდება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, პირბადეების გარდა, სახელმწიფოს თანადგომით საქართველოში ასევე იწარმოება სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო, დამხმარე საშუალებებიც.
„დღეს ვგეგმავ ვიზიტს ერთ-ერთ ქართულ საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში” დახმარებით აფართოებს სამედიცინო ხალათებისა და დამცავი სკაფანდრების კერვას, რა მისაბაძი მაგალითია და ყველა ასეთ წარმოებას დავეხმარებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.