ბიძინა კულუმბეგოვი: უნდა ვივარაუდოთ, რომ შემთხვევები მოიმატებს, მთავარია, მასობრივი შიდაგადაცემა არ დაიწყოს
იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები, სავარაუდოდ, მოიმატებს, მთავარია, მასობრივი შიდაგადაცემები არ დაიწყოს.
კულუმბეგოვმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში COVID-19-სა და მასთან ბრძოლის სტრატეგიებზე ისაუბრა.
“მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, რომელზეც აშშ ლაპარაკობს – ითქვა, რომ განკურნებულის სისხლის პლაზმას გამოიყენებენ ინფიცირებულის გამოსაჯანმრთელებლად. ამ მეთოდს ჯერ კიდევ ესპანური გრიპის დროს იყენებდნენ. ეს ძველი, საუკუნოვანი მეთოდია. შემდეგში მას ებოლასა და სხვა ინფექციების დროს იყენებდნენ. მდგომარეობა გამოუვალია, როდესაც კაცობრიობასა და მედიცინას არ აქვთ კონკრეტული წამალი ამა თუ იმ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად. ვინც გადაურჩება ინფექციას, ანუ გამოძვრება და იმუნური სისტემა მუდმივად დატოვებს ორგანიზმის მახსოვრობაში ანტისხეულებს, ასეთ პირთა პლაზმა უკვე აღიქმება, როგორც წამალი, შრატი. ამიტომ ის შეიძლება, გამოვიყენოთ, როგორც პრევენცია მძიმე პაციენტისთვის ან პაციენტისთვის წინასწარი გადასხმით, რათა არ განუვითარდეს დაავადება. ასე რომ, პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის შეიძლება.
რაც შეეხება კორონასთან სხვა ქვეყნების ბრძოლის სტრატეგიას – კორეა ამ დაავადებასთან ბრძოლაში მასობრივი ტესტირების მეთოდს იყენებს. ყველა ქვეყანა ამ ხერხს ვერ მიმართავს მიზეზთა გამო. მაგალითად, ამერიკას ლოჯისტიკური პრობლემა აქვს, ამდენი ტესტი არ აქვს. ტესტებს თვითონ თუ არ ქმნი, ასე ადვილად ვერ იპოვი და ვერ იყიდი. ყველაფერს თავისი რიგითობა აქვს. ბაზარზე ტესტების შეძენის დიდი კონკურენციაა, მათი ძირითადი მწარმოებლები ჩინეთი და კორეა არიან. კორეა ტესტებს 5 ქარხანაში ამზადებს დიდი რაოდენობით და დღეში საშუალოდ 20 000 კაცს უკეთებს ტესტს, რომ გამოავლინოს უსიმპტომო ფორმები და არ დაინფიცირდეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ კორეაში გამოვლენილ დაინფიცირებულთა რიცხვი ძალიან დიდია, უკვე 9 000-ს მიაღწია, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, იმიტომ, რომ ბევრი უსიმპტომო იპოვეს. დიდმა ბრიტანეთმა ჯოგური იმუნიტეტის ამბიციური გეგმიდან უკან დაიხია, ამიტომ ახლა გამოაცხადა კარანტინი და ყველაფერი დაიხურა – კლუბები, სკოლები…
ჩვენთან ადრეული ღონისძიებები გატარდა. ჯერ კიდევ, როცა ევროპის ქვეყნები ღია საზღვრებით ცხოვრობდნენ და ეგონათ, მათთან COVID-19 არ მივიდოდა, საქართველომ იანვრის შუა რიცხვებიდანვე დაიწყო ზომების მიღება. როგორც კი დაფიქსირდა ჩინეთში, შემდეგ კი ირანში, მაშინვე ჩაიკეტა საზღვრები. ამიტომაც არის, რომ პირველი შემთხვევიდან თვეზე ოდნავ მეტია გასული და 100 შემთხვევაც არა გვაქვს. თუმცა, ახლახან გამოვლენილი 3 შემთხვევა ნამდვილად საყურადღებო და შემაშფოთებელია…
ეს ვირუსი პირველადაა დედამიწაზე, ამიტომ არავინ იცის, პიკური რას შეიძლება ვუწოდოთ. პიკური არის მაშინ, როცა რაღაც ზღვარს მიაღწევ და მერე დაღმართზე დაეშვები. ვისთვის რა არის პიკი, ეს არავინ იცის, ძალიან პირობითია და ამის ასე განსაზღვრა ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შემთხვევები მოიმატებს. მთავარია, მასობრივი შიდაგადაცემა არ დაიწყოს…
უნდა აღინიშნოს, რომ, მსოფლიოში ჩატარებული კვლევით, რომელიც 18 ორსულზე მიმდინარეობდა (სრულფასოვანი კვლევა), მდგომარეობა არც ერთს არ გართულებია, მშვიდობიანად იმშობიარეს, არც ჩვილებს გადაედოთ და ძუძუთი კვების შეწყვეტაც არ დასჭირდათ. კორონავირუსი რძეში არ გადადის. ჩვენი მოქალაქეც მშვიდობით გადაიტანს ამ დაავადებას, ბავშვს არ გადაედება, ჯანმრთელი დაიბადება. ის კი არა, ჩვილს დედის სხეულიდან უკვე გამზადებული ანტისხეულები გადაუვა კორონავირუსის წინააღმდეგ და რომ დაიბადება, მზამზარეული აცრა ექნება. შეიძლება ვთქვათ, რომ დედა შვილს ორსულობის დროს თანდაყოლილი აცრით აჯილდოებს”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.