გურამ მაჭარაშვილი: მოგმართავთ თხოვნით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ გახვიდეთ სახლიდან
ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მოსახლეობას, თავის სამაჟორიტარო ოლქში, ლაგოდეხსა და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიმართავს და სთხოვს, სახლში დარჩნენ და განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გავიდნენ.
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთის მოფრთხილება. შექმნილი გლობალური საფრთხიდან გამომდინარე, უდიდესი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გვაკისრია.
COVID19 არის გლობალური საფრთხე, რომელთან ბრძოლაც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცა. განსაკუთრებული სიფრთხილე და ზრუნვა გვმართებს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ყველაზე მოწყვლადები არიან.
საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ არის მაღალი და ჩვენი მთავრობა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა იყოს მინიმალური.
ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს საქართველოს მთავრობა, არის დაავადების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯი!
სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებაა უდიდესი წვლილის შეტანა ვირუსთან ბრძოლის საქმეში.
მოხარული ვარ იმით, რომ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა ამ რეკომენდაციებს ასრულებს, რაც უდავოდ მისასალმებელია და ხაზს უსვამს მათ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც ირღვევა თვითიზოლაციის რეჟიმი ზოგიერთი მოქალაქის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თვითიზოლაციის წესების დამრღვევს, არამედ მის ახლობლებსა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ საფრთხეებს გაითვალისწინებთ და თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
მინდა მივმართო ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ლაგოდეხსა და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომელთა აქტიურობა და ჩართულობა თვითმმართველობის ცხოვრებაში არის მისაბაძი მაგალითი თანატოლებისთვის რეგიონის მასშტაბით. დღეს თითოეული თქვენგანის აქტიური მხარდაჭერა რეკომენდაციების დაცვისა და სხვებისთვის მისი მოწოდების კუთხით არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე რჩება თქვენს სამსახურში და გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვახდენთ რეაგირებას თქვენს საჭიროებებზე.
მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ გახვიდეთ სახლიდან. ვიზრუნოთ ერთმანეთზე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს წვლილს შევიტანთ ვირუსთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გლობალური კრიზისს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!”, – წერს გურამ მაჭარაშვილი.