ემუქრება თუ არა 3000 მძღოლს საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა
თბილისში სამარშრუტო ტაქსების, ყვითელი მიკროავტობუსების აკრძალვა, კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით, სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს 3 000–მდე მძღოლს, რომელთა უკანაც მათი ოჯახები, სულ მცირე, 9 000 ადამიანი დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ მიკროავტობუსებში სისტემატურად ტარდებოდა დეზინფექცია, 3 000–მდე მძღოლი უმუშევარი რჩება და ეს მაშინ, როდესაც კერძო ტაქსები, რომელთა კონტროლი დეზინფიცირების მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია, შეზღუდვების გარეშე მოძრაობენ და კორონავირუსის გავრცელების კერებად შეიძლება, მივიჩნიოთ.
რატომ აიკრძალა ყვითელი მიკროავტობუსები, ზოგადი და გასაგები მიზეზის მიუხადავად, მაინც არ კონკრეტდება.
კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებენ თავად სამარშრუტო ტაქსების ოპერატორ კომპანიაში.
აქვე საინტერესოა, რა ბედი ეწევა დანარჩენ ტრანსპორტს? ვინ გააკონტროლებს ტაქსებს, რომელთა რაოდენობა 60 000 აჭარბებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი მფლობელები კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ ავტომობილების დეზინფექციაში.
შეგახსენებთ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქში სამარშრუტო ტაქსები ვეღარ იმოძრავებენ.
დღესვე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება “თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავიანთი მინიმალური შემოსავალის გარეშე.
წყარო:https://pia.ge/ka