ამირან გამყრელიძე: მსოფლიოში კორონავირუსის 94 224 შემთხვევაა დადასტურებული, ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება
“კორონავირუსთან დაკავშირებით გლობალურად ტენდენციები იგივეა, ჩინეთში მიმდინარეობს კლება როგორც ახალი შემთხვევების, ისე – სიკვდილიანობის. ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია კი უფრო და უფრო უარესდება”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის 94 224 შემთხვევაა დადასტურებული.
“გლობალურად ტენდენციები იგივეა, რაც გუშინ მოგახსენეთ. ჩინეთში მიმდინარეობს კლება როგორც ახალი შემთხვევების, ისე – სიკვდილიანობის. დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ახალი შემთხვევების რიცხვი, ასევე, დაფიქსირდა 38 სიკვდილის შემთხვევა, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო და ერთ-ერთი ყველაზე მცირეა 21 იანვრის შემდეგ. ზოგადად, ჩინეთში ფიქსირდება 80 270 დადასტურებული შემთხვევა. ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უფრო და უფრო უარესდება და მოცული აქვს 81 ქვეყანა. სულ ჩინეთთან ერთად 94 224 შემთხვევაა დადასტურებული მთელს მსოფლიოში, აქედან 14 000 არის ჩინეთს გარეთ. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ფიქსირდება სამხრეთ კორეაში – 5 621. ასევე, იტალიას საკმაოდ გადაასწრო ირანმა, დღევანდელი რიცხვით ეს 2 922, სიკვდილიანობა 92. შემდგომ მოდის იტალია და შემდეგ უკვე დანარჩენი ქვეყნები – იაპონია, გერმანია, მაგრამ გერმანიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაა სხვა ქვეყნებთან შედარებით, შემდეგ საფრანგეთი, აშშ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.