გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებსა და მოქალაქეებს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოვლენილი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა, ასევე, მოქალაქეთა კონსოლიდაციისა და კარანტინში მყოფი პირების პასუხისმგებლობის მაღალი დონე განსაკუთრებით აღნიშნა.

„პირველ ყოვლისა, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისა და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე – მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით, აბსოლუტურად გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად ამ გამოწვევას ებრძვიან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთო გამოწვევა, რასაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. აქ არ არის პანიკის და შიშის ადგილი, საჭიროა ეფექტური შრომა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეების მხრიდან ასეთი დონის კონსოლიდირება, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგა ხანია, არ ყოფილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ანგაჟირებულობის გარეშე, თითოეული ჩვენგანი, იქიდან, სადაც ვართ – მოქალაქე, ექიმი, მედდა, მებაჟე, პოლიციელი, ყველა უნდა ვემსახუროთ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის ნაწილი ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის თუ ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც ახლა კარანტინის ზონაში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მათ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება სრულად მისაღებია და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები