დღეს სმენის მსოფლიო დღეა – მშობლები სმენადაქვეითებული ბავშვების საჭიროებებზე საუბრობენ
დღეს, 3 მარტს სმენის მსოფლიო დღე აღინიშნება და მისი მიზანი სმენის დაზიანების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ყურსა და სმენაზე ზრუნვის პოპულარიზაციაა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებმა: ლელა ნიკოლაძემ, ნანა მდივანმა და ეკატერინე თორთლაძემ ისაუბრეს.
როგორც ეკატერინე თორთლაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს 2020 წლის სმენის მსოფლიო დღეს შემდეგი გზავნილით მიმართავს: „ნუ მისცემ სმენის დაქვეითებას უფლებას, შეგზღუდოს“.
მშობლებმა სმენადაქვეითებული ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე ისაუბრეს.
„გვინდა, ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს – რა გვაწუხებს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ის მშობლები, რომელთა შვილებსაც აქვთ სმენის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. ჩემი გამოცდილება უკვე 24 წელს ითვლის. უამრავი სირთულე გადავლახეთ. უამრავი ტკივილი, კითხვის ნიშანი დაგროვდა. მე, როგორც მშობელს, ორგანიზაცია „აურესის“ წარმომდგენელს, მინდა, იმ ოჯახებს, რომლებიც აღმოჩნდნენ , ან აღმოჩნდებიან იმავე პრობლემის წინაშე, არ ჰქონდეთ სადარდებელი იმაზე, რა უნდა გააკეთონ. არამედ, მათ უნდა იცოდნენ , რა შესაძლებლობები არსებობს, როგორ შეიძლება ცხოვრება სმენის დაზიანებათან ერთად. გვინდა, საზოგადოებამ დაგვინახოს, გაიაზროს ჩვენი პრობლემები და მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენმა შვილებმაც ისევე იცხოვრონ, იოცნებონ მომავალზე, როგორც სხვა ბავშვები ოცნებებობენ. გვინდა, მათ მომავალი ჰქონდეთ.
ჩვენი გამოწვევა უამრავი იყო. დღეს მაინც არის ის, რომ სისტემა არ არსებობს და სისტემურად ვერ არის ეს პრობლემა დანახული. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, ზუსტად ამ მესიჯს ვუგზავნით სახელმწიფოს, რომ არ უნდა იყოს ფრაგმენტული მოქმედებები პრობლემებზე, არამედ წინასწარ უნდა მოხდეს დაგეგმვა, პრობლემის დანახვა, ეროვნული პოლიტიკის, გეგმის შემუშავება. გამოწვევა ზუსტად ეს არის. არსებობს გარკვეული პროგრამები, მაგრამ ეს არ არის სისტემური“, – განაცხადა ეკატრინე თორთლაძემ, რომელიც ფონდ „აურესს“ წარმოადგენს.
ფონდი „აურესი“ მშობელთა და სმენის დაზიანების მქონე ახალგაზრდების ორგანიზაციაა, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და სმენასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.
„ფონდი „აურესი“ სმენის მსოფლიო დღეს 2015 წლიდან აღნიშნავს. “წლევანდელი აქტივობით ჩვენ ვუერთდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებას სახელმწიფოებისადმი, ცხოვრების ყველა ეტაპზე, სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის უზრუნველყოფილ იყოს ხარისხიანი, მისაწვდომი, დროული და ადრეული ინტერვენცია, რათა არ შეიზღუდოს მათთვის განათლების, დასაქმებისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, სათანადოდ შეაფასოს სმენის დაზიანების უარყოფითი გავლენის რისკები და შემუშავდეს სმენაზე ზრუნვის ეროვნული პროგრამა“, – განაცხადეს სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებმა.
მათივე თქმით, ფონდ „აურესის“ წლევანდელი ინიციატივა – მარტის თვის სმენის თვედ გამოცხადების შესახებ – მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გააძლიეროს სმენის დაზიანების პრევენციის, ყურის ჯანმრთელობასა და სმენაზე ზრუნვის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ინიციატივის ფარგლებში, მარტის თვის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა კამპანია მოეწყობა.
თამუნა შეყილაძე