აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სენაკის დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
როგორც გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, დევნილთა საცხოვრებელი პირობებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს მოქალაქეებთან. დევნილთა საცხოვრებელი პირობების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული თითოეულ ოჯახზე.
ამ პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რაც საშუალებას მოგვცემს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ახალგაზრდებს კი მივცეთ განვითარების და უკეთესი მომავლის შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული საჭიროებების გაცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.