იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით.
„საქართველო ყურადღებით აკვირდება სირიაში მიმდინარე ბოლო განვითარებებს. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, შეშფოთებული ვართ იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალებზე ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმით. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იდლიბში მომხდარი თავდასხმის დეტალები. საქართველო მხარს უჭერს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს, მწუხარებას უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად თურქ ხალხს, მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს”- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მხარეებმა გამოხატეს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია.