ბაჩო ახალაია: მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში

„სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, დაკავებამდე ვიდეოში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს.

ახალაია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ვერცერთი სხვა ხელისუფლება ახლოს ვერ მივა.

„მანამდე იყო შევარდნაძე, მოკლე პერიოდით გამსახურდია, იყო ვინმე გუმბარიძე, მანამდე პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ა.შ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან?! რომელი ერთი? ვინმე თუ მეტყვის, რომ არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება სჯობდაო, დიდი ბოდიში. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად გითხრათ, რომ მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“, – ამბობს ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები