ვის გაუხსნის ციხის კარს „ხელისუფლების დამხობის“ შემდეგ – „ყველა არის პოლიტპატიმარი“
„მე გაძლევთ გარანტიას, წლის ბოლომდე ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარიფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის… ვამბობ, რომ ვინც მევიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტიკური პატიმარი“, – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
ვის მიიჩნევს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლიტპატიმრად და ვისთვის გეგმავს ციხის კარის ფართოდ გაღებას „ხელისუფლების დამხობის შემდეგ“?
ე.წ. მატროსოვის ციხეში ამჟამად დაახლოებით 30 პატიმარი იხდის სასჯელს. ამ დაწესებულებას ხშირად „ძალოვნების ციხესაც“ უწოდებენ, რადგან ძირითადად იქ სწორედ ყოფილ ძალოვნებს ათავსებენ.
მატროსოვის პატიმრების არასრული სია ამგვარად გამოიყურება:
1. გიორგი მაზმიშვილი – 11 წელი და 3 თვე
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც 2014 წლის მარტში დააკავეს. ის დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. საუბარია 2006 წლის ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, რა დროსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს.
2. ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი – 4 წელი და 6 თვე
კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე. დამნაშავედ ცნეს კომპიუტერული მონაცენების უკანონო გამოყენების და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში. ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე, რომლის არსებითი განხილვა სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს.
3. რევაზ შიუკაშვილი – 4 წელი
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ასევე ფიგურირებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შექმნის საქმეში. გარდა ამისა, ის ბრალდებულია 26 მაისის და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეებშიც.
4. გიორგი სოსანაშვილი – 20 წელი
ყოფილი პოლიციელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. საქმე ეხება საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქებას.
5. რომა შამათავა – 12 წელი
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი. მსჯავრდებულია ცინდელიანის გახმაურებულ საქმეში (თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მკვლელობის მცდელობა). მოწმეების ჩვენებით, შამათავამ ახალგაზრდა მამაკაცი, დავით ცინდელიანი შავ ზღვაში ნავით გაიყვანა, ხელ-ფეხი შეუკრა, იარაღი ესროლა და ზღვაში გადააგდო. ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
6. კობა თოდუა – 7 წელი და 6 თვე
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. მსჯავრდებულია ე.წ. კასრების საქმეზე. 2013 წელს, სამეგრელოში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აღმოაჩინეს კასრებით ჩამარხული ვიდეო-ფირები, სადაც ადამიანების წამების, მათ შორის გაუპატიურების სცენები იყო გადაღებული.
7. ჯონი ივანიშვილი – 6 წელი და 9 თვე
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სასჯელაღსრულების N6-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გაასამართლეს.
8. ბაჩო ახალაია – 9 წელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი. გასამართლებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ასევე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. ციხის ბუნტის ეპიზოდზე კი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდება, ისევე როგორც ნასამართლეობა 2013 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მოეხსნა.
9. ვახტანგ გუგუციძე – 3 წელი და 3 თვე
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით დამნაშავედ ცნეს სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
10. გურამ დონაძე – 5 წელი და 3 თვე
შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი. მსჯავრდებულია ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით.
11. დავით იაშვილი – 5 წელი და 3 თვე
კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. მსჯავრდებულია ბუტა რობაქიძის საქმეზე.
12. კახა ნაკანი – 6 წელი
შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი წევრი. მსჯავრდებულია ე.წ. კორტების საქმეში. 2006 წლის 2 მაისს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა.
13. მალხაზ ღვინიაშვილი – 6 წელი და 9 თვე
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მსჯავრდებულია პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
14. ზაზა ხარაიშვილი – 3 წელი და 3 თვე
ციხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ასევე პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით გაასამართლეს.
15. დავით ნოზაძე – 3 წელი და 3 თვე
მსჯავრდებულია პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.
16. ირაკლი ყიფშიძე – 4 წელი
ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი. დამნაშავედ ცნეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის ბრალდებით.
17. გიორგი დგებუაძე (მასტერა) – 9 წელი
კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი. დამნაშავედ ცნეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე.
18. გიორგი ცააძე – 12 წელი
კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღლჩინოსანი. დამნაშავედ სცნეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე.
19. ირაკლი ფირცხალავა – 12 წელი
კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი. მსჯავრდებულია ე.წ. კორტების სპეცოპერაციის და ასევე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში.
20. კახა ყალიჩავა – 3 წელი და 9 თვე
გლდანის ციხის ყოფილი ინსპექტორი, რომელიც პატიმრების მიმართ ძალადობის საქმეში ფიგურირებს.
21. გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე
თბილისის ყოფილი მერი. ის მატროსოვის ციხეში ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს, თუმცა რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენით ის დამნაშავედ ცნეს თბილისის განვითარების ფონდიდან დიდი ოდენობით თანხის (48 მილიონი) მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით და სასჯელის სახით დამატებით 3 წელი და 2 თვე განესაზღვრა.
წყარო : primetime.ge