გია ჟორჟოლიანი მერაბიშვილზე: ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ჩვენი ხალხი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას არ მისცემს

ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ჩვენი ხალხი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას არ მისცემს , – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, უფლებამოსილია, იმოქმედოს, განაცხადოს ის, რაც მას სურს. მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რასთან არის დაკავშირებული ამ ადამიანის პატიმრობა: უდანაშაულო ახალგაზრდა სასტიკი წამებით მისი თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული და შემდეგ მერაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დანაშაული დაფარულიყო. ამისთვის იხდიდა სასჯელს. ვფიქრობ, ეს საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებს პოლიტიკაში მონაწილეობა ჰქონდეთ შეზღუდული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ასეთი კანონმდებლობა, ვფიქრობ ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ჩვენი ხალხი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობას არ მისცემს.

დანარჩენს რაც შეეხება, მე ვერავითარ განსაკუთრებულ მოვლენას იმაში ვერ ვხედავ, რომ მერაბიშვილი იქნება ეს თუ სხვა, შეუერთდება იმ მოძრაობას, რომლის დასასრულსაც მართლაც ველი ამ წლის ბოლომდე. ჩვენი ხალხის მთავარი ამოცანაა, ამ რევანშისტული მოძრაობის დასასრული შედგეს , რაც მოხერხდება იმ შემთხვევაში თუ ახალი პოლიტიკური ძალები ჩაერთვებიან ამ საქმეში, რამდენადაც „ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა.
„გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება,“- განაცხადა მერაბიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები