ნათია თურნავა: წიაღისეულის ასი ლიცენზია – ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, გავაფართოვეთ ძალიან წარმატებით მიმდინარე პროგრამა „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” და დღეს ვაანონსებთ პროგრამის ახალ კომპონენტს, რომელიც ეხება წიაღისეულის ათვისებას,” – ამის შესახებ ნათია თურნავამ მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართული პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აღნიშნული საბადო ახალი კომპონენტის ფარგლებში ბიზნესისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი მსხვილი ობიექტია.
მისი თქმით, წიაღისეულის ათვისების ასი პარალელური ელექტრონული აუქციონი ეკონომიკას კიდევ უფრო განავითარებს.
„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის ას პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები და ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები,” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას განმარტებით, ჯამში, წიაღისეულის ასი ლიცენზია, სულ მცირე 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტია, რა თანხაც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით, ეს არის, მინიმუმ, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც ბიზნესი აიღებს იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს, არამედ ადგილზე გადაამუშავოს წიაღისეული.
“ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში” – განაცხადა მინისტრმა.
პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” გაფართოების აუცილებლობის შესახებ მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 6 თებერვლის სხდომაზე ისაუბრეს. ახალი კომონენტი გულისხმობს არამხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, არამედ პროექტის ფარგლებში წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონების გამოცხადებასაც.
ეს არის იმ გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობას სურს, რომ წიაღისეულის არამხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავებაც ადგილზე ხდებოდეს და ძირითადი ღირებულებაც საქართველოში დარჩეს.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.
მარნეულში, ბაზალტის საბადოზე გამართულ პროგრამის ახალი კომპონენტის პრეზენტაციას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.