მირიან წიკლაური: ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ინდულგენცია
ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ინდულგენცია ადამიანისთვის, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა მირიან წიკლაურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მირიან წიკლაური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
„ჩემი ადამიანური დამოკიდებულება დაპატიმრების მიმართ დადებითი არ არის. არ მიყვარს, როცა ადამიანს იჭერენ, ზოგადად. სამწუხაროდ, მქონდა ამის გამოცდილება, ერთი პერიოდი ვიყავი პატიმარი, პოლიტპატიმარიც. ვცდილობ ხოლმე, ასეთი ადამიანები შევიბრალო. პატიმრების განსჯას აქ მე არ ვაპირებ. ვერც იმას ვიტყვი, თუ რატომ, როგორ მოხდა ეს. ვერ ჩავერთვები სასამართლოს გადაწყვეტილების ავკარგიანობის განხილვაში. მე არ ვარ იურისტი, თუმცა თავისთავად ცხადია, ჩემი დამოკიდებულება შეიძლება, მქონდეს, ზოგადად, იმ მოძრაობის მიმართ, რომელსაც უგულავა წარმოადგენს. ისინი ხშირად მიმართავდნენ გაუამრთლებელ დაპატიმრებებს, მეტიც, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.
ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ პოლიტიკას ამოფარებულები კორუფციაში არიან ხოლმე ჩაფლულები და შემდეგ ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც ჩაიდენენ და შემდეგ სასჯელი დგება, ცდილობენ, გაამართლონ თავისი პოლიტიკური საქმიანობით. ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ისჯებოდნენ, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ინდულგენცია ადამიანისთვის, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს”, – განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
თამუნა შეყილაძე