მირიან წიკლაური: ოპოზიციამ მრავალჯერ განაცხადა საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობის შესახებ, თუმცა, მათ ამის რესურსი არ აქვთ
ოპოზიციის ნაწილმა მრავალჯერ განაცხადა საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობის შესახებ, თუმცა, მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ დეპუტატმა, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა მირიან წიკლაურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
წიკლაურის თქმით, უმჯობესია, ოპოზიცია არჩევნებისთვის მშვიდად მოემზადოს.
„ეს პირველი არ არის, მათ საერთო-სახალხო დაუმორჩილებლობის შესახებ მრავალჯერ განაცხადეს. თუმცა, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ახლა ამას აცხადებს, საამისოდ ძალა არ შესწევს, ამის რესურსი არ გააჩნია, თორემ აქამდე მოახდენდნენ დესტაბილიზაციას. მოგეხსნებათ, სააკაშვილის განცხადებები რამდენიმე წლის წინ , როცა რევოლუციურ სცენარებს გეგმავდა. ამის საშუალება მათ არ აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, სხვა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ მოხდა ქვეყანაში. სჯობს, მოემზადონ არჩევნებისთვის, წყნარად, მშვიდად და ნორმალურ გარემოში ჩატარდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატმა კომენტარი საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის დღეს არსებული, შერეული სისტემის მომხრეა.
„მე უარყოფითად ვუყურებ ხელისუფლების შეთავაზებას, არავითარი 100/50-ზე. მე ვარ მომხრე იმ სისტემისა, რომელიც დღესაა, ანუ შერეულის. ის, რომ ცალკეულ რეგიონებს არ ჰყავდეს თავის წარმომადგენელი პარლამენტში, მე ეს სწორად არ მიმაჩნია“- განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, საარჩევნო სისიტემის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობდა, რომლის ფარგლებშიც ოთხი რაუნდი გაიმართა. თუმცა, გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებებს წყვეტენ.
„წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას ახალი მოდელი შესთავაზა. საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით ნაცვლად 77 -ისა, 100 დეპუტატი არჩეულიყო, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირებულიყო.
თამუნა შეყილაძე