„ნაციონალებმა“ მიმაწერეს „ქოცების“ ჯგუფს და ბევრი სალანძღავი სიტყვა გამოიყენეს – ანა ლეჟავა საზოგადოების ნაწილს პასუხობს

პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ანა ლეჟავა, რომელიც აშშ-ში საქმიანობს, აცხადებს, რომ საქართველოში არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არაა კავშირში. ამის შესახებ ანა ლეჟავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლეჟავა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ მონაწილეობდა, მან კონგრესმენების ბოლო პერიოდში გავრცელებული წერილების და ლობისტების შესახებ ისაუბრა.

ლეჟავა ამბობს, რომ გადაცემის შემდეგ, სოციალურ ქსელში მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.
„არანაირ კავშირში არ ვარ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, უბრალოდ ყოველთვის მინდა, რომ ვთქვა სიმართლე.

ჩემმა დამ ამიხსნა ეს ტერმინოლოგია – „ქოცები“ და „ნაცები“ რას ნიშნავს და ვინ არიან. როგორც სოციალურ ქსელში ნახეთ, „ნაციონალებმა“ მიმაწერეს „ქოცების“ ჯგუფს და ძალიან ბევრი სალანძღავი სიტყვა გამოიყენეს ჩემი მისამართით. ეს დიდი პრობლემაა. ბულინგის პრობლემა არა მარტო პოლიტიკაშია, არამედ საზოგადოებაშიცაა. ეს არის პრობლემა სკოლის ასაკის ბავშვებში და მოვუწოდებდი ჩვენს სახალხო დამცველს, ქალაბატონ ლომჯარიას, ამ თემას შეეხოს, ბევრი იმუშაოს ამაზე.

ბულინგის ფაქტები დღეს ჩვენს რეალობაში ბევრია და ეს სამწუხაროა. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს შავი პიარი არ მაწუხებს, თუმცა, სხვებზე, შეიძლება, იმოქმედოს. მოგიწოდებთ, რომ ნაკლებად ვლანძღოთ ერთმანეთი.
თემატურად დიალოგში და პოლემიკაში შემოსვლა თუ ვინმეს სურს, ნებისმიერ დროს ვუპასუხებ. თუმცა, ჩემი მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რომ სანამ წავალ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო და ეს არის პოლიტიკური კულტურის დეფიციტი ჩემს ქვეყანაში. მაწუხებს ისიც, რომ საქართველოში თავისუფლების და ლიბერალიზმის არასწორი გაგებაა. ფემინიზმს და ლიბერალობას არატოლერანტი, ფსევდო ადამიანთა უფლებების დამცველები იჩემებენ. ამის წამალი მხოლოდ თაობათა ცვლა და განათლებაა. ასე რომ, ახლა ჩემი ასაკის და უფრო ახალგაზრდებას მივმართავ: არასდროს არ შეგეშინდეთ თქვენი აზრის რაციონალურად ჩამოყალიბების და გაჟღერების.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პოლიტიკა მეტად კომპლექსურია, ვიდრე პოლიტოკოსებს უნდათ, რომ დაგაჯერონ. პოლიტიკოსებს აწყობთ, რომ თქვენი ემოციების ორ უკიდურესობაზე თამაში მოახდინონ. თუმცა მე მჯერა ჩემი თაობის, ბევრი იმ ახალგაზრდა ადამიანის, რომელიც ასეთ თავდასხმებში არ არის ჩართული და თავის საქმეს აკეთებს. მხოლოდ ქმედებით, კეთებით და დასავლეთისკენ აღებული გეზით შეიძლება საქართველოს გამთლიანება და წინსვლა. იყო ქალი, პატრიოტი და ასევე განათლებული, ალბათ, ბევრს ამის აღქმა უჭირს. მაგრამ, ეს იქნება ახალი საქართველო. პოლიტოლოგია ვისწავლე მარტინ ლუთერ კინგის მშობლიურ მხარეში და მისი სიტყვებით დავამთავრებ: მშვიდობა ვერ შენარჩუნდება ძალით, იგი შეიძლება, შენარჩუნდეს მხოლოდ ურთიერთგაგებით“, – განაცხადა ანა ლეჟავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები