სოსო შატბერაშვილი: ჯობს ოპოზიცია უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს დასთანხმდეს
რადგან პროპორციული სისტემა 2020 წლის არჩვენების დროს არ გამოდის, ჯობს ოპოზიცია უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს დასთანხმდეს , – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება, რომელიც პროპორციული წესით 100 დეპუტატის არჩევას გულისხმობს, დღეს არსებულ საარჩევნო სისტემაზე უკეთესია.
„ის პარტიები, რომლებიც აქციებს ატარებენ და დესტრუქციას ნერგავენ ქვეყანაში, არიან ის პარტიები, რომლებიც კბილებით იცავდნენ მაჟორიტარულ სისტემას. ჩვენ ვართ იმ მცირერიცხოვან პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ ვითხოვდით, რომ არჩევნები მთლიანად პროპორციული ყოფილიყო.
მაჟორიტარულს კბილებით იცავდა „ნაციონალური მოძრაობა“, მანამდე შევარდნაძის ხელისუფლება. მინდა, გაგახსენოთ მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები, რომელიც ამას წინ გავრცელდა, სადაც ის მოსახლეობას ხვდება და ეუბნება ძალიან მანკიერი არის საარჩევნო სისტემა, რომელიც მთლიანად პროპორციულია, პროპორციული სისტემის შედეგად არჩეული დეპუტატები არიან პოლიტიკური ლიდერების მონებიო , ხოლო მაჟორიტარი ხალხის მსახურიაო. ამ დროს პირიქითაა, მაჟორიტარები პატარა ფეოდალებად არიან გადაქცეულები, არაფერით არიან დაკავებულები, გარდა იმისა, რომ საკუთარი ჯიბე გაისქელონ, პრეტენზია აქვთ რომ გამგებლების, გუბერნატორების უფროსები არიან, ლობირებენ საკუთარ ბიზნესს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით ამას, იმ პარტიებისგან განსხვავაებით, რომლებიც ქამელეონივით ფერს იცვლიან, ხან მაჟორიტარული მოსწონთ, ხან პროპორციული. აქციებით ნერგავენ დესტრუქციას ქვეყანაში.
ხელისუფლებამ პროპორციულზე დანაპირები ვერ შეასრულა. რაც შეეხება შეთავაზებას 100/50-ზე. ეს შეთავაზება ოპოზიციას ჰქონდა, მაშინ როცა მეც ვიყავი პარლამენტის წევრი, 2000-იანი წლების დასაწყისში. ეს არაფრით გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაშინ რომ გაეკეთებინა 100/50-ზე, გაცილებით უკეთესი სისტემა იქნებოდა. დღევანდელ, არსებულ სისტემას 100/50-ზე ნამდვილად სჯობს. მაგრამ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ არ აწყობთ კონსტრუქციული მოლაპარაკება. მათ აწყობთ არეულობა, რევოლუცია, ხალხის გარეთ გამოყვანა, სისხლის დაღვრა და არეულობის გზით კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება. რა თქმა უნდა, 100/50-ზე მისაღებია, თუმცა ყველაზე მისაღებია პროპორციული არჩევნები, რომლის დაპირებაც იყო და ვერ შესრულდა, სამწუხაროდ. აქციებით ეს საქმე არ გამოვა. რამეთუ, პოლიტიკურმა ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“ გარეთ 1000 კაცზე მეტი ვერ გამოვა“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისიტემის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი გაიმართა.
მმართველი გუნდი ოპოზიციას ახალ მოდელს სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდეს.
თამუნა შეყილაძე