ლევან დავითაშვილი: 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31% -ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წელი შეაჯამა, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აგროდაზღვევის პროექტის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა.

“2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება დარგში ინვესტირება“, – განაცხადა მინისტრმა.

სახელმწიფო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ერთად მუშაობს აგროდაზღვევის პროგრამის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაზე, რათა ეს პროგრამა გახდეს სისტემური. წლიდან წლამდე იზრდება პროგრამაში მონაწილე ფერმერთა რაოდენობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. 2019 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,400 პოლისი. სახელმწიფო სუბსიდიის თანხამ 5,846,000 ლარი შეადგინა. ფერმერებმა ანაზღაურების სახით 913,000 ლარი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები