პროკურატურა: მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა – სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ წევრს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება თბილისის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.
პროკურატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არცერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირას“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა.ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.