გიორგი ვოლსკი: პროპორციული არჩევნების თემა სიტუაციიდან გამოსავალი ჰგონიათ, თუმცა მე გეუბნებით, რომ ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი
პროპორციული არჩევნების თემა სიტუაციიდან გამოსავალი ჰგონიათ, თუმცა მე გეუბნებით, რომ ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, ოპონენტების მიერ ყოველდღიურად გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ქვეყნის სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეექმნას.
„პროპორციული არჩევნების თემა სიტუაციიდან გამოსავალი ჰგონიათ, თუმცა მე გეუბნებით, რომ ეს არის დამანგრეველი ქვეყნისთვის. როდესაც პროპორციული არჩევნების წინადადება შევთავაზეთ, ამის შემდეგ საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალებში მართლაც იყო მოლოდინი, რომ კონფრონტაცია გადავიდოდა ნორმალურ ფორმაში, მაგრამ შევხედეთ ოპონენტების განცხადებებს და მოქმედებებს. პრორუსული პარტიები, პარტია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულებები, ულტრა-ლიბერალები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარი ფასეულობები არ არსებობს, რაც წარსულიდან არის დატოვებული და ერთკაციანი პარტიები გთავაზობენ, რომ ყველაფრის გარეშე, „ქართული ოცნების“ გარეშე, ერთად ყოფნით შეძლებენ შექმნან კოალიციური მთავრობა. ამას დავუპირისპირდით ჩვენ. ეს უნდა გაიგონ დეპუტატებმაც და პოლიტიკოსებმაც. ოპონენტების მიერ ყოველდღიურად გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ქვეყნის სტაბილურობას შეიძლება საფრთხე შეექმნას და სწორედ, აქედან გამომდინარე მოხდა პოზიციის შეცვლა პროპორციული არჩევნების 2020 წელს ჩატარებასთან დაკავშირებით. 24 ივნისიდან მოყოლებული პარლამენტში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარებამდე, არც ერთი წუთით არ შეჩერებულა ინტენსიური დესტრუქციული ქმედებები, სანამ 3 კაცი არ დარჩა მიტინგებზე. პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ უნდა გადავსულიყავით ისეთ რეჟიმზე, რომელსაც არ ჰქვია დესტრუქცია, მაგრამ დავინახეთ, რომ სიტუაცია იმდენად არეულია, რომ შეიძლება ქვეყანა დაზიანდეს. დაგვემხობა თავზე პარტიებიც, შენარჩუნებული სტაბილურობაც და ჩვენს გვერდზე იმ პერიოდში არავინ იქნება. ქვეყანა დაინგრევა და სტაბილურობას შეექმნება სერიოზული საფრთხე იმ რეალობაში, რაზეც ყოველდღე საუბრობენ. აქედან გამომდინარეობს ის პოზიცია, რომელიც შეიცვალა. ჩვენ ვეუბნებით ოპონენტებს, რომ ჯობია სახელმწიფო და სტაბილურობა გადავარჩინოთ და ისეთი საარჩევნო სისტემა შეექმნათ, სადაც კითხვის ნიშანი არ დაისმება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.