მიხეილ რამიშვილი: საპატრიარქოსა და საერო პირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის თავისუფლება არ სურთ
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს დეკანოზის თავისუფლება არ სურთ.
“გარკვეულ პირებს, როგორც საპატრიარქოში, ისე საერო პირებს, ნამდვილად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა, რადგან საზოგადოების მხრიდან დეკანოზის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა იქნება დასმული და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავიდან ირიდებენ. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი ფინიში. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ორჯერ არ მოხდა შეწყალება. კულუარული ინფორმაციით, საპატრიარქოს მხრიდან გარკვეული პირების მიერ დიდი მოთხოვნა იყო, რომ არ შეეწყალებინა დეკანოზი. ასეა ახლა სალომე ზურაბიშვილიც.
ღმერთმა ქნას, რომ გონიერება და პოლიტიკური ნება ეყოთ, და შეიწყალონ უდანაშაულო ადამიანი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.
საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრები საშობაოდ უნდა შეიწყალოს, თუმცა ამ დრომდე უცნობია არის თუ არა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.