რატომ გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელიას „30 წელი“ სწორედ ახლა და დაიწყება თუ არა მის წინააღმდეგ გამოძიება?

„ვინც ბოლო 30 წლის მანძილზე მექრთამეობის ეტალონად იქცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე გვესაუბრება და სამართლიანი სასამართლოს მედროშედ უნდა წარმოაჩინოს თავი“, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გააკეთა. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მის გუნდში სჯერათ, რომ პარტიის ლიდერის ამ სიტყვების ადრესატი დეპუტატი ეკა ბესელია იყო.

თავად ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებაში მას არ გულისხმობდა და საკითხს იმდენად არასერიოზულს უწოდებს, რომ კომენტარის გაკეთებაც ზედმეტად მიაჩნია.

ექსპერტი გია აბაშიძე კი უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ პროკურატურამ ეკა ბესელიას მიმართ მოკვლევა დაასრულა და ახლა გამოძიებას ოფიციალურად იწყებს. მან ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა:

„ჩემს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, პროკურატურამ უკვე დაასრულა ეკა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და მალე უკვე ოფიციალურად დაიწყება გამოძიება. ამას უკავშირდება სამეგრელოს რაიონში, ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პირები ირიბად თუ პირდაპირ: გადავხედოთ თემასთან დაკავშირებული ამბების მოკლე ქრონოლოგიას: გახსოვთ, 2 იანვარს „ფეისბუქიდან“ გაუწყეთ, რომ მმართველ პარტიაში “ნაღმზე აფეთქდებოდა” ეკა ბესელია და გაირიცხებოდა უმრავლესობიდან. ვწერდი საკმაოდ ბანალურ “ნაღმზე”, კორუფციის თემაზე? ამონარიდი იმ „პოსტიდან“: მოგეხსენებათ, რომ წლებია არსებობდა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. სარწმუნო წყარომ მაცნობა, რომ ბესელიამ კომპრომატების “დიდოსტატის” ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ოცნებას”. სროლა კი დასწრებაზეა….

საზოგადოებაში, ყველას თუ არა, ნაწილს ახსოვს შპს „ელიზის“ და „ომეგას“ დავა, რომელიც წარმოებდა 1997 წელს. მაშინდელი პრესა ბევრს წერდა ამ საქმეზე. მესმის, რომ მილენიალთა თაობას ეს არ ახსოვს. იქ ერთი პიკანტური დეტალიც იყო. კერძოდ, ოქუაშვილი სასამართლოსგან ითხოვდა უკანონო ფარული ჩანაწერის ლეგალიზაციას და პირველი ქრთამიც მზია თოდუას ოქუაშვილმა სწორედ 1997 წელს გადაუხადა, როცა სასამართლოში „ელიზის“ საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

ამასთან, პრესის არქივში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ყველა იმ სამოქალაქო დავაში, სადაც ზაზა ოქუაშვილი შვილთან სავარაუდო მამობას არკვევდა, მოსამართლე იყო მზია თოდუა. თუმცა, ეს პირადი ცხოვრების საკითხია და არ საჭიროებს ჩაძიებას…

მაისში, ასევე „ფეისბუქით“ გამცნეთ ტელეკომპანია “მაესტროს” საკმაოდ ჩახლართული ისტორიის ერთი საინტერესო მომენტი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა მაკა ასათიანის მიერ ტელეკომპანიის დაფინანსების შეწყვეტა ყველაზე ეფექტურად სცადა და “იურიდიულად“ პრობლემები შეუქმნა ასათიანების ოჯახის ბიზნესს – „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლობას საქართველოში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაკა ასათიანმა არსებული დავა ორივე ინსტანციაში მოიგო. რჩებოდა მესამე ინსტანცია – უზენაესი სასამართლო. როგორც ჩანს, ამ საქმის მოგება იმდენად პრინციპული იყო ნაცებისთვის, რომ დაიწყო მათი არასამთავრობოების და მედიის ორგანიზებული შეტევა საზოგადოებრივ აზრზე. საქმეში ჩაერთო ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. გამოქვეყნდა კვლევა “კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში”, სადაც ასათიანების ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს “აკას” საქმე განიხილებოდა და ოჯახი დადანაშაულდა სასამართლო სისტემაში კორუფციულ გავლენებში. ცხადია, ეს კვლევა გვარამიას „რუსთავი-2“-მა ინტენსიურად გააშუქა. უზენაესში ასათიანმა დავა წააგო – მითითებებით დაბრუნდა ხელახლა განსახილველად სააპელაციოში. სარწმუნო წყაროებმა კი მითხრეს, რომ ასათიანის წაგებას [ყველაფრის მოკვარახჭინებას] ხელი თავად ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოკიდა და გაიმარჯვა კიდეც – „ქრთამმა კიდევ ერთხელ გაანათა ჯოჯოხეთი“, – წერს გია აბაშიძე facebook-ის გვერდზე.

რამდენად რეალურია, რომ საგამოძიებო ორგანომ მართლაც დაიწყოს გამოძიება? რატომ გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკა ბესელიას „30 წელი“ სწორედ ახლა? ეს მაშინ, როცა ეკა ბესელია ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც პარტიული სიის მოწინავე რიგებში ჰყავდათ და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობაც ჩააბარეს? არის თუ არა პოლიტკურად მოტივირებული ეს პროცესი? ამ კითხვებით ჩვენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს მივმართეთ.

– ქალბატონო სოფო, ამბობენ, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ეკა ბესელიას მიმართ გამოძიების დაწყებას… ამის შესახებ დაწერა ექპერტმა გია აბაშიძემაც. პირველ რიგში მაინტერესებს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ თემზე?

– მე ინფორმაცია არ მაქვს ზუსტად, არის თუ არა გამოძიება დაწყებული ეკა ბესელიას სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამდენი ხანიც უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ნამდვილად მიკვირს, რატომ რატომ ამდენ ხანს არა. რეალურად, მე, როდესაც კომიტეტში მოვედი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოებაში რა კითხვის ნიშნებიც იყო მის საქმიანობასთან დაკავშირებით კორუფციასთან მიმართებით, თუ სავარაუდო კორუფციასთან მიმართებით, კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშნები გამიჩნდა. სწორედ ამიტომ, მე, უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ხმამაღლა, ჩემი კოლეგების თვალწინ დავსვი კონკრეტული საკითხები და მოვითხოვე პასუხი. ეკა ბესელიას მხრიდან რეაქცია იყო ის, რომ ის გამოვიდა წყობილებიდან და მას ასეთ სიტუაციაში გადაეფარნენ ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პარტიის თავმჯდომარემ სთხოვა გაჩერება, რომ კიდევ უფრო არ გაგვემწვავებინა სიტუაცია.

– თქვენც ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მექრთამეობის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია იგულისხმა?

-დიახ, მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მას გულისხმობდა, რადგან რეალურად ყველაფერი მაგაზე მიანიშნებს. მით უფრო, იმ შეხვედრას თუ გავიხსენებთ, რომელზეც უკვე გითხარით. ძალიან კონკრეტული საკითხები დავსვი და ამ საკითხებზე მოვითხოვე პასუხის გაცემა.

– უკაცრავად, მაგრამ ეკა ბესელია 2012 წელს, ასევე 2016 წლის არჩევნებზე სიის მოწინავე რიგებში იყო, ასევე ის აირჩიეთ კომიტეტის თავმჯდომარედ… მაშინ არ იცოდით იმ „30 წლის“ შესახებ და რომ თითქოს მექრთამეობით იყო გატაცებული?

-2016 წელთან დაკავშირებით, თავად ბატონ ბიძინას აქვს ნათქვამი და კოლეგებიც დამემოწმებიან, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავად იყო წინააღმდეგი, ეკა ბესელია ყოფილიყო სიაში. ბატონი კვირიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით იქნა ის სიაში ჩასმული, მე რამდენადაც ვიცი და თავად ბატონ ბიძინას აქვს ნათქვამი, მას არ უნდოდა რომ ქალბატონი ეკა ბესელია ყოფილიყო ამ სიაში. ისიც ვიცი, რომ როგორც კომიტეტის თავმჯდომარეობისას, ასევე ფოთში მაჟორიტარული საქმიანობის დროს, მის კორუფციულ გარიგებებზე ინფორმაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

– ანუ ივანიშვილს არ უნდოდა? და რამ „აიძულა“ მაშინ?

-ამისი მიზეზი არ ვიცი, ალბათ ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ ეს. ბიძინა ივანიშვილი არ არის ის კაცი, ვისაც ეკა ბესელია და მისი მსგავსი ადამიანი დააშანტაჟებს.

– რაც ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, მას შემდეგ დაიწყო მის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი… პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ხომ არ ჰგავს ეს ყველაფერი?

-მე შემიძლია მხოლოდ ჩემს თავზე ვისაუბრო, როგორც კი მოვედი კომიტეტში და ღრმად ჩავიხედე კომიტეტის საქმიანობაში, კიდევ უფრო გამიმრავლდა კითხვის ნიშნები და მაშინვე დავიწყებ საუბარი ხმამაღლა. ეს იყო სწორედ იმის მიზეზი, რომ ეკა ბესელია მე გადამეკიდა და გადავიდა პიროვნულ ანგარიშსწორებაზე. ალბათ არაერთი ჟურნალისტი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო ორგანიზაცია გაიხსენებს, როგორ ცდილობდა ეკა ბესელია ჩემს პირად დისკრედიტაციას. მე ამას არ შევუშინდი, ეს არ იყო ჩემთვის დამაბრკოლებელი საფუძველი და საკითხი, რომ უკან დამეხია და არ გადამედგა ის ნაბიჯები, რომელსაც სწორად მივიჩნევ. მე გამოვრიცხავ, ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ამ საქმეში, რადგან ეკა ბესელია უკვე ერთ წელზე მეტია „ქართულ ოცნების“ წევრი არ არის და თუ ვინმეს რაიმე პოლიტიკური ანგრიშსწორება უნდოდა, ამ ერთი წლის მანძილზეც შეეძლოთ ამის გაკეთება. მართლა და გულწრფელად მიკვირს, რომ ამდენი ხანი არანაირი ნაბიჯი არ იქნა გადადგმული, რომ სულ მცირე, კითხვის ნიშნებზე გაცემულიყო პასუხი. არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი და ვერავის ბრალს ვერ წავუყენებ. უბრალოდ, კითხვის ნიშნები როდესაც არის და უამრავი ადამიანი საუბრობს ამაზე… მე კონკრეტული საკითხები მაქვს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამას სულ მცირე პასუხი მაინც უნდა გაეცეს, რადგან ჩვენ ხალხის წინაშე ვართ ვალდებულები. როდესაც ხალხს ასეთი კითხვები აქვს, ვისურვებდი, რომ ეს საქმე დაძრულიყო მანამ, სანამ ეკა ბესელია იყო „ქართული ოცნების“ წევრი“.

– და კონკრეტულად რა კორუფციულ საქმეებზე საუბრობთ, რა მტკიცებულებები გაქვთ?

– მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, არც გამომძიებელი და არც პროკურორი ვარ, ბრალმდებელის ფუნქციას მე ვერ შევითავსებ და ამაზე სახალხოდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გარკვეული საკითხები მაქვს და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ვამბობ, გუნდის შიგნითაც ვთქვი, არ მოვრიდებულვარ და თუ გადაწყვეტს ქალბატონი ბესელია რომ მიჩივლოს, მე მზად ვარ სასამართლოს წინაშე წარმოვადგინო ჩემი სიტყვების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები