“ლიბერთი” ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას Moody’s მიერ “Credit Positive” შეფასება მიეცა
Moody’s მიერ გამოქვეყნდა ‘Credit Outlook’ ანგარიში (MCO Publications, Moodys.com), სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB ) მიერ “ლიბერთი” ბანკისთვის 15 მლნ ევროს სესხის დამტკიცებას სააგენტოს მიერ “Credit Positive” შეფასება მიეცა.
ეს შეფასება შემდეგ ძირითად ფაქტორებს ემყარება:
მსგავსი ფინანსური ინსტრუმენტი “ლიბერთი ბანკს” პირველად დაუმტკიცდა. ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ფინანსური ინსტრუმენტი მხოლოდ 2017 წელს მის მფლობელობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.
ეს საკრედიტო ხაზი აუმჯობესებს “ლიბერთი ბანკის” პასივების სტრუქტურას, რაც მათ შორის განპირობებულია ბანკის პასივების ვადიანობის მნიშვნელოვანი გახანგრძლივებით.
ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით ლიბერთი ბანკს მიეცემა საშუალება უფრო აქტიურად დააკრედიტოს მცირე და საშუალო ბიზნესი, იმის გათვალისწინებით რომ, მსგავსი ტიპის სესხები გაიცემა საშუალო ან გრძელი ვადით. ეს თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებულ ბიზნეს სტრატეგიასთან, რაც მიზნად ისახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის დივერსიფიცირებას კორპორატიული და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხების ხვედრითი წილის ზრდის მეშვეობით.
ეს ფინანსური ინსტრუმენტი ასევე დაეხმარება ბანკს შემოსავლების დივერსიფიცირებაში, რაც თავის მხრივ უფრო სტაბილურს გახდის ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ქართული ბანკი აღრმავებს ურთიერთობას განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალმხრივ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. როგორც წესი, ასეთი ორგანიზაციებისაგან მიღებული დაფინანსება ნაკლებად მგრძნობიარეა საბაზრო კონიუქტურისადმი, რაც ფინანსური სისტემის სტაბილურობის დამატებითი გარანტია.