ზაალ ანჯაფარიძე: პრობლემა არის ძალიან სიღრმისეული, ეს არ შემოიფარგლება ერთი მოზარდის დაღუპვით

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, სამართალდამცავ სტრუქტურებში ვერ დააყენეს ეს საქმე სათანადო დონეზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ მოზარდებთან, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანჯაფარიძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა რეალურად. ერთი რამ ცალსახაა, რომ როდესაც ასეთი კატეგორიის მოზარდებთან გვაქვს საქმე, მეტი სიფრთხილე და მეტი სიფაქიზის გამოჩენაა საჭირო როგორც სკოლის მხრიდან, ასევე სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან.
იკვეთება რიგი დარღვევები და ეს კიდევ ერთ პრობლემას წარმოაჩენს, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩანს სამართალდამცავ სტრუქტურებში ვერ დააყენეს ეს საქმე სათანადო დონეზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ მოზარდებთან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მიუხედავად იმისა, როგორ არის დაძაბული ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ნერვები და აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტის განცდაა ბევრ მოქალაქეში, ძალიან ცუდი იქნებოდა, თუ ვინმე შეეცდებოდა ამ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური ქულების დასაწერად. სამწუხაროდ ასეთი მცდელობები უკვე არის.
ახლა მთავარია, საზოგადოებამ აწარმოოს პოზიტიური „პრესინგი“ ხელისუფლებაზე, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში იქნას გამოძიებული, გამოძიება იყოს სანდო, არ ტოვებდეს კითხვის ნიშნებს და ყველაფერს დაერქვას თავის სახელი. პრობლემა არის ძალიან სიღრმისეული, ეს არ შემოიფარგლება ერთი მოზარდის დაღუპვით და ამას საჭიროა რომ მიეხედოს და იმედია, ამ საქმის სპეციალისტები თავის სიტყვას იტყვიან“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ამ საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები