უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე 23 პირი ამხილეს, 11 პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 23 ფიზიკური პირი ამხილეს, ამ ეტაპზე, მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ქალაქ თბილისში, ასევე, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას.

ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები