თამარ კორძაია: ივანიშვილმა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კედელი აღმართა და დღეს ეს პირდაპირი გაგებით გააკეთა
ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კედელი აღმართა და ეს პირდაპირი გაგებით გააკეთა დღეს საქართველოს პარლამენტთან, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიცაზე განაცხადა.
კორძაია პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „ახლა ვკითხულობდი: იყო ბერლინის კედელი და არის ბიძინას კედელი თბილისში, კედლების აღმართვა ნიშნავს იმას, რომ სრულ იზოლაციაში არიან. დიდი ხანია ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის კედელი აღმართა და ეს მართლა, პირდაპირი გაგებით გააკეთა დღეს საქართველოს პარლამენტთან. მთელ მსოფლიოს ვიზუალურად აჩვენა, რომ მართლები ვართ. დაუდასტურა დღევანდელი გადაწყვეტილებით. ეს კედელი დაინგრევა პირდაპირი გაგებით, თუ გადატანითი მნიშვნელობით. არ დამარცხდებიან მოქალაქეები, ბიძინა ივანიშვილი წააგებს ამ ომს ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანებს უთხრა, რომ იმას ვაკეთებ რაც თქვენ გინდათ და მერე მხოლოდ ის აკეთო, რაც შენ გინდა“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციას რკინის კონსტრუქციებით აქვს ჩაკეტილი.
ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, იქ რკინის კონსტრუქციები არ დგას, თუმცა პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან 30-მდე პოლიციელია მობილიზებული.
თამუნა შეყილაძე