კოტე ჯანდიერი: იცოდეთ, სინამდვილეში ცუდი კაცების ყვირილი კი არ არის საშიში, არამედ კარგების დუმილი

მწერალი კოტე ჯანდიერი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.

მწერლის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში შექმნილ დიდ თუ პატარა პრობლემას, “ნაცური ოპოზიცია” სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული უკიდურესი კონფრონტაციის საბაბად იყენებს, ნათელია, რომ მათი განზრახვა არა პრობლემის მოგვარება, არამედ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

“ოპოზიცია ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ადეკვატური რომ იყოს, “ოცნებას” 2016 წლის შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლებოდა. კარგად მესმის გულწრფელად აღშფოთებული ახალგაზრდების, თუმცა, ნახეთ ვინ დგას საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში. კომპარტიის ყოფილი ნომენკლატურული, მუშაკი და საბჭოთა კავშირის საგარეო უწყების ფუნქციონერი ვაშაძე, რომელიც ყოვლად უნიჭოდ ცდილობს, ძირძველი ქალაქელისა თუ აგრესიული ძველი ბიჭის როლი მოირგოს; ქალბატონი სალომე სამადაშვილი- საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, რომელიც უსირცხვილოდ ტყუის, როდესაც ქართული პოლიციის მიერ ძლივს ნორმალურად და პროფესიონალურად ჩატარებულ აქციის დაშლის ოპერაციას სისხლიან ცხრა აპრილს ადარებს; ან რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს, რომელიც ხედავს ბოქლომებით შეიარაღებულ, ისტერიკულად აკივლებულ ქალაქის ყოფილ მერს, რომელიც ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარის გაფლანგვა-მითვისების გამოა ნასამართლევი?

როდესაც ქვეყანაში შექმნილ დიდ თუ პატარა პრობლემას, ხელისუფლების ნებისმიერ შეცდომასა თუ ცუდ საქციელს “ნაცური ოპოზიცია” სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული უკიდურესი კონფრონტაციის საბაბად იყენებს, ნათელია, რომ მათი განზრახვა არა პრობლემის მოგვარება, არამედ ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. ამას დავუმატოთ ბატონი მაჭუტაძე, გობლინის ხმაზე მოღრიალე კიდევ რამდენიმე ხელისუფლების მაძიებელი და მივიღებთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ორპოლუსიან ტრაგიკომიკურ სურათს. რა გასაკვირია, რომ ამ აქციებს საზოგადოების დიდი ნაწილი არ უერთდება?! დარწმუნებული ვარ, იქ დღის წესრიგს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გაწონასწორებული პოლიტიკოსები რომ ქმნიდნენ და არა რევანშისტები, საზოგადოების უდიდესი ნაწილი წამოაყენებდა გონივრულ მოთხოვნებს და ბევრ რამეს ქვეყნის სასიკეთოდ შეაცვლევინებდა მთავრობას, რევოლუციისა და ეგზალტაციის გარეშე.

როგორც ჩანს, ოპოზიციად წოდებულ ამ პანოპტიკუმს, ისევე როგორც მმართველ ძალას, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, იდიოტები ვგონივართ და ფიქრობენ, რომ ვერ ვხვდებით, ვის ინტერესებს ემსახურება ვადამდელი არჩევნები. “ნაცებთან” ორპოლუსიან დაპირისპირებაში დღეს მოქმედი მოდელით ისევ “ქართული ოცნება”, რომ მოიგებს არჩევნებს, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? “მერე, “ნაცებს” რა?”- იკითხავს კაცი. თუ მოახერხეს და პოლიციას სისხლი დააღვრევინეს, რევოლუციას ეცდებიან, თუ არადა, ამ “პერმანენტული აქციებით” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბაბს მისცემენ მმართველ პარტიას. არაო, ოპოზიციაში გაიძახიან, მხოლოდ ვადამდელი კი არა, პროპორციული და თანაც სხვა მთავრობის ჩატარებული გვინდაო. იქნებ ვინმე ქრისტიანმა ამიხსნას, ეს როგორ წარმოუდგენიათ?! თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, მაშასადამე, პარლამენტი დათხოვნილია და ვიღამ უნდა შეცვალოს კონსტიტუცია შერეულის ნაცვლად პროპორციული არჩევნების სასარგებლოდ? ან გადამდგარი მთავრობის ნაცვლად ვინ უნდა დააკომპლექტოს და დაამტკიცოს ეს ე.წ. დროებითი კოალიციური თუ ტექნიკური მთავრობა?”,- განმარტა ჯანდიერმა.

მწერლის შეფასებით, პოლიტიკური ვითარების განმუხტვა მხოლოდ შეთავაზებას, გონივრულ კომპრომისს შეუძლია.

“პროფესიონალურად ჩატარებულმა პოლიციურმა ოპერაციამ იმ ერთ დღეს განმუხტა ვითარება, მაგრამ ვშიშობ, რომ მმართველ ძალას საკუთარი უძლეველობის ილუზია შეუქმნა. ამის დასტურია ახალგაზრდა პარტფუნქციონერების გამარჯვებული იერი და შეუვალი ტონი. მინდა მათ შევახსენო, რომ სიტყვის გატეხა მხოლოდ ოპოზიციის აღშფოთებას როდი იწვევს. ჩვენ, ვინც ქუჩაში არ ვდგავართ და არ ვყვირით, განა იმიტომ ვიქცევით ასე, რომ ვიწონებთ თქვენს საქციელს, არამდე იმიტომ, რომ თქვენვე იპოვოთ ძალა, ნაბიჯი გადადგათ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად. პოლიტიკური ვითარების განმუხტვა მხოლოდ შეთავაზებას, გონივრულ კომპრომისს შეუძლია და ეს სისუსტის კი არა, პირიქით, მაღალი პასუხისმგებლობისა და ძლიერი ნების გამოხატულება იქნება. იცოდეთ, სინამდვილეში ცუდი კაცების ყვირილი კი არ არის საშიში, არამედ კარგების დუმილი”, – განმარტა ჯანდიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები