ირაკლი ღარიბაშვილი მუხროვანის ვიდეომასალაზე: ეს არის შეკვეთილი მკვლელობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველ ვიდეომასალას აფასებს. ღარიბაშვილის განმარტებით, ის, რაც კადრებში ჩანდა, ანგარებით მოტივირებული, შეკვეთილი მკვლელობაა. როგორც ღარიბაშვილმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კატასტროფაა.
“ჩემი შეფასებით, ეს კატასტროფაა. ჩვენ – ყველანი გაოცებული ვართ. ამას უფრო კომპეტენტურად შეაფასებენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩემი, როგორც მოქალაქის აზრით, ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდით მოწმე იმისა, თუ როგორ დაუკვეთეს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ორი გვამის ორგანიზება – ორი ადამიანის ლიკვიდაცია. ესაა ანგარებით მოტივირებული შეკვეთილი მკვლელობა. ესაა ჩემი შეფასება”, – აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი პროკურატურას მოუწოდებს, “ძალიან მალე გახსნას” ეს საქმე.
“დანარჩენს გამოძიება გაარკვევს. მე მოვუწოდებ პროკურატურას, ძალიან მალე გაიხსნას ეს საქმე. თუ გამოძიება გამოკვეთს ამ პროცესში სხვა ადამიანების ჩართულობას, ის გააკეთებს ამაზე კომენტარს”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მუხროვანის ამბოხების პერიოდში გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 29 იანვარს გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედროფორმიან პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ, მერაბიშვილის დავალებით, სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა. Youtube-ზე ვიდეო „Apopolon Osman“-ის სახელით აიტვირთა