ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის
სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“მსჯავრდებულს აქვს უფლება შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართოს და თუ ასეთი მიმართვა იქნება, პრეზიდენტი იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ვერანაირ მოლოდინებზე და წინმსწრებად რაიმე სახის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დავაფიქსირებ. ყველა კონკრეტული საქმე არის ინდივიდუალური და სჭირდება შესწავლა. საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის” – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სინოდი მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.