საავტომობილო გზებზე მიმდინარე შეკეთებისა და სტიქიის სალიკვიდაციო-საპრევენციო სამუშაოების ზედამხედველობაზე ტენდერები გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საზედამხედველო მომსახურების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ერთი ტენდერის მიხედვით, საზედამხედველო მომსახურება უნდა გაეწიოს აღმოსავლეთ საქართველოში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ხოლო დავალების შემთხვევაში – ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე, ასევე მათზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობებსა და გარე განათების ქსელზე მიმდინარე შეკეთების სამუშაოებს.
მეორე ტენდერის შემთხვევაში, საზედამხედველო მომსახურება ეხება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ხოლო დავალების შემთხვევაში – ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე, სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია-პრევენციისა და ასევე, ნაპირდაცვის სამუშაოებს.
საზედამხედველო მომსახურების შესყიდვები შესრულდება განახლებული პირობებით და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ტენდერები გამოცხადებულია სამუშაოების შინაარსისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს კონკურენციის ზრდასა და ტენდერში მეტი პრეტენდენტის მონაწილეობას. სხვადასხვა სახის სამუშაოს ზედამხედველობისთვის გამოცხადდება ცალკე ტენდერი.
საზედამხედველო მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ჯამურად, შეადგენს 8.9 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო უშუალოდ იმ სამუშაოების ღირებულება, რომელზეც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა, ჯამურად, შეადგენს 220 მილიონ ლარს.
საზედამხედველო მომსახურებების ვადა ორი წელი იქნება.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ყოველდღიურად უნდა განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა თითოეულ ობიექტზე და ადგილზე უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოების მიღება.
დეტალური ინფორმაცია ტენდერებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
საქართველოში ნაპირდაცვის ან/და საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე), სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის ან/და პრევენციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება.
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=637986&lang=ge
აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე (დავალების შემთხვევაში, ადგილობრივი მნიშვნელობის და სხვა საავტომობილო გზებზე) და მათზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობებზე და გარე განათებით ქსელზე სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, შესასრულებელი მიმდინარე შეკეთების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება.
შესყიდვის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638035&lang=ge