„რამდენად კანონიერად აფინანსებდა კეზერაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“, ამას სამართალდამცავები გაარკვევენ“
აზრი, რომ კეზერაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დამფინანსებელი იყო, ყოველთვის არსებობდა, თუმცა რამდენად კანონიერად, ეს გასარკვევია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერი ამით გაზეთ “ალიაში“ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომელიც ერთვის სტატიას სათაურით: “სააკაშვილის საიდუმლო წერილი – როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იმას, თუ რამდენად კანონიერად და ლეგალურად აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას“ კეზერაშვილი, სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ.
“ყოველთვის არსებობდა აზრი, რომ კეზერაშვილი “ნაციონალური მოძრობის“მთავარი დამფინანსებელი იყო. თუმცა როგორ აფინანსებდა ეს ადამიანი ამ პარტიას, ეს გასარკვევია და ამას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. თუ ეს სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტია, მე მგონი, ახალ სკანდალთან გვაქვს საქმე. ეს არის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ძალიან დიდ ქონებას აგროვებდნენ, საქართველოს სახელმწიფო აქტივების ხელში ჩაგდებას ჰქონდა ადგილი. ამის კიდევ ერთი დადასტურება სააკაშვილის წერილიცაა, სადაც ის პირდაპირ ადასტურებს თურმე, როგორც მე მოვისმინე, რომ კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ეს არის მათთვის სკანდალი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.