უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის ქვეყნიდან “გაძევების” საკითხზე საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის “გატაცების და შემდგომ უკანონო გაძევებასთან” დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შესაბამისი სარჩელით საგამოძიებო უწყებას თავად სააკაშვილმა 2 ოქტომბერს მიმართა.
“სარჩელი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში ჩემს გატაცებასა და უკრაინიდან უკანონო გაძევებასთან დაკავშირებით, რაც პოროშენკოს პირადი ბრძანებით მოხდა. რაც მისმა დაცვის წევრებმა და კონონენკოს პირადი დაცვის წევრებმა განახორციელეს, რომლებიც მესაზღვრეებად იყვნენ გადაცმული. მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი მისთვის მრავალწლიანი განაჩენის გამოსატანად”,-დაწერა სააკაშვილმა.
პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში გააძევეს, საიდანაც ის ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომას უკრაინაში მესაზღვრეების და დაცვის წევრების კორდონის გარღვევით მოხვდა. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა მაისში დაუბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები